პრემიერმინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას თავისი ქონება უკანონოდ არ დაუგროვებია და სხვისი ქონებაც არასოდეს მიუტაცებია.
„მთელი ჩემი ცხოვრება კანონიერებით და სინდისით მიცხოვრია. ერთ შავ ხაზს ვერ მიაგნებთ ჩემ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ამის მცდელობა ბევრი გქონდათ. უსაფუძვლოთ გაქვთ ასეთი პოზიცია, რომ ფული თუ იშოვეთ აუცილებლად უნდა გქონდეთ შეხება უკანონობასთან. მე ვარწმუნებ საქართველოს საზოგადოებას, რომ ჩემს წარსულში არც ერთი შავი ხაზი არ არსებობს და მე ვამაყობ იმით, რომ რუსეთში მიუხედავად უხეში ბიზნესისა, არასდროს მსგავსი არ ყოფილა ჩემს ისტორიაში და არასდროს არ მიმიტაცებია ქონება უკანონოდ. მე რუსეთში მქონდა ჩემი ხელწერა და აბსოლუტური გამჭვირვალობა ბიზნესში“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
ეს პასუხი ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის შეკითხვზე გასცა. დარჩიაშვილი დაინტერესდა, რამდენად კანონიერად მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების დაგროვება, რადგან მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს დიდი ქონების დაგროვების დროს უკანონობასთან და არაკანონიერ კრიმინალურ წრეებთან შეხება აუცილებლად ექნებოდა და ამის მაგალითად ანგოლა გეიტიც დაასახელა, რაზეც ივანიშვილმა განიცხადა, რომ ინფორმაციას ვინ არის ან რა არის ანგოლა გეიტი, საერთოდ არ ფლობს.