დღეს საპარლამენტო უმცირესობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, უმცირესობის წარმომადგენელმა, გოგა ხაჩიძემ ივანიშვილს ის ანეკდოტი გაახსენა, რომელიც პრეს-კონფერენციებზე ივანიშვილმა ჟურნალისტებს უამბო.
„ვიცით, რომ იუმორის დიდი მოყვარული ხართ და დღემდე თქვენი ორი ანეკდოტი ვიცით: "შედი ქალო ”ბუტკაში" და "მიტუაზე", - მიმართა ხაჩიძემ ივანიშვილს.
ამასთან, გოგა ხაჩიძემ მას რომელიმე ანეკდოტის მოყოლა სთხოვა. მისი თქმით, ეს მრავალი ათასი ადამიანის თხოვნაა, ვისაც ივანიშვილის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მოყოლილი ანეკდოტები მოეწონა.
„ანეკდოტებს მეგობრებს უყვებიან, შემთხვევის მიხედვით. მე და თქვენ მეგობრები ჯერ არ ვართ, თუმცა, ამის საშუალება შეიძლება დაგვრჩეს“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მან ხაჩიძეს, ასევე, კითხვით მიმართა და სთხოვა დაზუსტება, მართლა დადიოდა თუ არა ის მინისტრობის პერიოდში სამინისტროს დერეფნებში ველოსიპედით, რაც ივანიშვილის თქმით, ბევრს უნახავს და ამის ფოტოებიც არსებობს.
ანეკდოტების თემა ივანიშვილმა საქართველოში ჩატარებულ რეფორმებზე საუბრით გააგრძელა და აღნიშნა, რომ ახალი ანეკდოტია სწორედ ის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ საქართველო შეძლებს რეფორმების გაყიდვით თავის რჩენას, ხოლო პრეზიდენტი სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ჯანდაცვის ისეთი რეფორმა ჩაატარა, რომ ამერიკელები საქართველოში მკურნალობისთვის რიგში ჩადგებიან.
ივანიშვილის თქმით, ყველა ჩატარებული რეფორმა მისთვის ანეკდოტურია გარდა საპატრულო პოლიციის და ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმებისა, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლებას შემთხვევით გამოუვიდა.