ბიძინა ივანიშვილი: შესაძლებელია, პოლიტიკიდან  წელიწადნახევარში წავიდე, მაგრამ ჩვენს დაპირებებზე პასუხისმგებლობას არ მოვიხსნი

ბიძინა ივანიშვილი: შესაძლებელია, პოლიტიკიდან წელიწადნახევარში წავიდე, მაგრამ ჩვენს დაპირებებზე პასუხისმგებლობას არ მოვიხსნი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შესაძლებელია მან პოლიტიკა წელიწადნახევაში დატოვოს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გიორგი კარბელაშვილი დაინტერესდა, აპირებს თუ არა პრემიერ-მინსიტრობის კანდიდატი ორ წელიწადში ხელისუფლებიდან წასვლას.

მისი განმარტებით, მის პოლიტიკაში მოსვლიდან ერთი წელი უკვე გავიდა, თუმცა აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეუძლია თქვას, რომ პოლიტიკიდან წელიწად-ნახევარში წავა.

აქვე, ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოდან არ წავა, კოალიციის დაპირებებზე პასუხისმგებლობას არ მოიხსნის და ისეთ გუნდს დატოვებს, რომელიც მის ყველა დაპირებას შეასრულებს.

„ვაპირებ სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთ აქტიურ წევრად დარჩენას და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვაკონტროლებ ჩემს მიერ დატოვებულ ხელისუფლებას, რადგან ჩვენი დიდი პრობლემაა სამოქალაქო საზოგადოების გამოუცდელობა, როგორ აირჩიოს და შემდეგ აკონტროლოს ხელისუფლება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მუდმივად კარგი პრეზიდენტის და პრემიერ-მინსიტრის მოლოდინში. უნდა ვისწავლოთ, როგორ ავირჩიოთ და როგორ ვაკონტროლოთ, რათა მივიღოთ ევროპული ტიპის საზოგადოება. ეს შესაძლებლად მიმაჩნია ორ ათეულ წელიწადში", - აღნიშნა ივანიშვილმა.