„დემოკრატიული მოძრაობა“ პარტიის ქვემო ქართლის ორგანიზაციის ლიდერის თორნიკე არევაძეს დაპატიმრებას უკანონოდ აფასებს

„დემოკრატიული მოძრაობა“ პარტიის ქვემო ქართლის ორგანიზაციის ლიდერის თორნიკე არევაძეს დაპატიმრებას უკანონოდ აფასებს

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ქვემო ქართლის ორგანიზაციის ლიდერს თორნიკე არევაძეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა  მიუსაჯა.

"დემოკრატიული მოძრაობის ინფორმაციით, პატიმრობა არევაძეს პროკურორ, მირზა სუბელიანის მოთხოვნით მიესაჯა. მათივე ცნობით, თავიდანვე აშკარა იყო, რომ რუსთავის პოლიციამ და პროკურატურამ, მიგზავნილი აგენტ ვახტანგ დანელიას მეშვეობით, პროვოკაცია მოუწყო თორნიკე არევაძეს მისი აქტიური პოლიტიკური საქმიანობის აღკვეთის მიზნით.

„2012 წლის 8 მარტს  რუსთავში, რესტორან „ქალაქურში“ მომხდარი ინციდენტიდან, რომელშიც მას  არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, პოლიციის მიერ ორი თვის განმავლობაში ჩატარებული გამოძიების  შემდეგ, 2012 წლის 8 მაისს, საქმეში არსებული ვითომდა დაზარალებულის ყალბი ჩვენების საფუძველზე, თორნიკე არევაძე მოულოდნელად დააპატიმრეს. იგი დღემდე კატეგორიულად უარყოფს ამ ინციდენტში მონაწილეობას და წაყენებულ ბრალს არ აღიარებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„დემოკრატიულ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ 5 თვის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაკითხული იქნა ათეულობით თვითმხილველი მოწმე, თუმცა არავის თავის ჩვენებაში,  არ დაუდასტურებია თორნიკე არევაძის აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობა.

ამასთან, პარტიის განმარტებით, არევაძესთან ერთად დაპატიმრებული ვახტანგ დანელია თავიდან  აღიარებდა თავის დანაშაულს და უარყოფდა არევაძის ინციდენტში მონაწილეობის ფაქტს, მაგრამ სასამართლოს ბოლო სხდომაზე, მან პროკურატურასთან დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე,  შეცვალა თავისი პირველი ჩვენება და საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ, ბრალი დასდო არევაძეს თანამონაწილეობაში, ხოლო მიზეზად იმისა, თუ აქამდე რატომ არ ადებდა ხელს არევაძეს, „სახალხო კრებისა“ და  „დემოკრატიული მოძრაობის“ მხრიდან ზეწოლა დაასახელა.

„სრულიად ნათელია, რომ საქმე გვაქვს წინასწარ დაგეგმილ ბინძურ პოლიტიკურ პროვოკაციასთან,  რომელსაც ნაციონალური დიქტატურის ნარჩენები მათთვის ჩვეული ხერხებით,  პროკურატურისა და სასამართლოს მეშვეობით, კვლავ ძველებურად ახორციელებენ „სახალხო კრებისა“ და  „დემოკრატიული მოძრაობის“ წინააღმდეგ“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, 2012 წლის 22 ოქტომბერს თბილისის ჰელსინკის ჯგუფმა თორნიკე არევაძეს მიანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი.

„დემოკრატიული მოძრაობა“ იმედს გამოთქვამს, რომ ძალიან მალე, ყველა პოლიტპატიმარი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს, ხოლო ყველა ის მოსამართლე, პროკურორი და პოლიციელი, რომელიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე, რეჟიმის პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ წარსდგებიან თავისუფალი სასამართლოს წინაშე და ადექვატურად აგებენ პასუხს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულებებისათვის.