კომპანია "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებლის და ყოფილი მესაკუთრის მამია სანადირაძის განცხადებით, ის ლონდონიდან ახალ საქართველოში სამართლის მოსანახად ჩამოვიდა.
სანადირაძემ კომპანია "კავკასუს ონლაინის " გასხვისებასა და მფლობელების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე დღეს, for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
"2009 წლის გაზაფხულზე ჩვენთან მოვიდა შსს თანამშრომელი ბორია მიკიჩაშვილი, რომელიც მაშინ თუ არ ვცდები, მოსმენების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო და ჩვენს ქსელში მოგვთხოვა დაყენებულიყო აპარატი, რომელიც ყველა იმეილებს და დინებებს გააკონტროლებდა და დააკოპირებდა . ამაზე ჩვენ უარი განვაცხადეთ და ვუთხარით, რომ ამ უკანონობას ხელს არანაირად მოვაწერდით. ამით დამთავრდა ყველაფერი. დავივიწყე კიდეც, მაგრამ დაახლოებით სექტემბრის პირველ რიცხვებში, ჩვენს კომპანიაზე კოორდინირებული შეტევა განხორციელდა.
თავდაპირველად, შეტევა კაბელების გადაჭრით დაიწყო. მოხდა ოპტიკურ ბოჭკოვანი საკაბელო სისტემის ვანდალიზაცია . აღსანიშნავია, რომ ეს ძალიან ორგანიზებულად ხდებოდა, როდესაც ჩვენი თანამშრომლები კაბელების დამზიანებლებს იჭერდნენ, ისინი ხან მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, ხან უბრალოდ კრიმინალები აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. აღსანიშნავია, ისიც რომ ჩვენი კომპანიის უსაფრთხოების სამსახური ამ ხალხს იჭერდა და პატრულს აბარებდა, თუმცა პატრული მათ ათავისუფლებდა .
ამის შემდეგ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩვენი დაჯარიმება დაიწყო.
რამდენიმე ხნის შემდეგ, ჩვენთან შემოდის საგადასახადო ინსპექცია და ჩვენი ხუთი წლის საქმიანობას ამოწმებს.
შედეგად, ვერაფერს ვერ ნახულობს და მაშინ თქვეს, რომ ბრალი ინტერნეტის იაფად გაყიდვაში მიგვიძღოდა.
მათ თქვეს, რომ ჩვენს გამო, ბიუჯეტმა 11 მილიონი დაკარგა და ეს თანხა ჩვენ უნდა გადაგვეხადა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სამართლიანობის დადგენა გვსურდა, ჯარიმის გადახდის შემდეგ, სათანადო ორგანოებისთვის უნდა მიგვემართა და როგორი უპერსპექტივო დავა იყო ალბათ, წარმოგიდგენიათ. იმ შემთხვევაში კი, თუ ამ ჯარიმას არ გადავიხდიდი, დაახლოებით თვენახევარში ციხეში მივდიოდი .
ამის შემდგომ, დამირეკა ჩემმა მეგობარმა ლევან ხუნდაძემ და შემომთავაზა შეხვედრა ხვიჩა მაქაცარიასა და "ჯი ემ ჯი " ჯგუფთან.
აღვნიშნავ, რომ მე მათ აქამდე არ ვიცნობდი. მათ შემომთავაზეს რომ კომპანიის საკონტროლო პაკეტს იყიდიდნენ, რის შემდეგაც ყველაფერი ეს პრობლემები გაქრებოდა.
კომპანიის გაყიდვას საერთოდ არ ვაპირებდი, თუმცა დანგრევას გადავწყვიტე გადამეცა. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ჩვენს წინააღმდეგ, ინტენსიურ შეტევებს ახორციელებდნენ“, - განაცხადა სანადირაძემ.
სანადირაძე მიიჩნევს, რომ ასეთი კოორდინირებული შეტევა სახელმწიფო სტრუქტურებისგან შეუძლებელია მხოლოდ დამთხვევა იყოს და აღნიშნავს, რომ კომპანიის წარმატებული მუშაობა ხელისუფლების წარმომადგენლებს აღიზიანებდათ.
სანადირაძეს არ სურს საუბარს, თუ რამდენად გადასცა წილი ამჟამინდელ მფლობელებს, რა პირობებია ხელშეკრულებაში გამომდინარე იქიდან, რომ მისი თქმით, „კავკასუს ონლაინის“ მესაკუთრეთა ბედი ხელშეკრულებით რეგულირდება, რომლის პირობები დღესდღეობით გასაიდუმლოებულია.
„ჩამოვედი იმისათვის, რომ საქმე აღვძრა ამ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებმა „კავკასუს ონლაინის“ დასანგრევად გააკეთა. აქამდე აზრი არ ჰქონდა, რადგან ქვეყანაში სამართალი არ იყო. ხვალ, როდესაც კი, ახალი პროკურორი და შსს მინისტრო დაინიშნება, ორივე ორგანოში შევა განცხადება, რათა ეს ვანდალიზმი გამოძიებული იყოს“, - განაცხადა სანადირაძემ.
რაც შეეხება, კომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს და კითხვას, აპირებს თუ არა ის კომპანიისთვის ბრძოლას, სანადირაძე აცხადებს, რომ „კომპანიის წილის მყიდველებთან მე სახელშეკრულებო პირობები მაქვს, რომელიც მათი მხრიდან ჯერ-ჯერობით არ შესრულებულა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევხედავთ და რა თქმა უნდა, თუ ორივე მხარის სურვილი იქნება ეს ყველაფერი მოლაპარაკების რეჟიმში წარიმართება“, - განაცხადა სანადირაძემ.