საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების მიუხედავად, ოსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი ხელისუფლება საგარეო პოლიტიკის კურსს იგივეს შეინარჩუნებს.
პოლიტოლოგ ვიაჩესლავ გობოზოვის განცხადებით, რადგან საქართველო ჯერ კიდევ საპრეზიდენტო ქვეყანაა, სააკაშვილი მის ხელთა არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, თუ სცენარები მისთვის არახელსაყრელი მიმართულებით წარიმართა.
„საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო საპარლამენტო, ქვეყანა კი მაინც საპრეზიდენტო რესპუბლიკად რჩება. სააკაშვილს და მის გუნდს გააჩნია საკმარისი ბერკეტები იმისთვის, რომ განსაზღვროს ქვეყნის ესა თუ ის პრიორიტეტები. ამიტომ მიმაჩნია,რომ იმ იდეების, რომლებსაც წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ გვთავაზობდა, განხორციელება გაუჭირდებათ. თეორია პრაქტიკასთან შეუთავასებელია.
არჩევნები დამთავრდა-ახლა ახალი ცხოვრება იწყება. სააკაშვილი მის ხელთა არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, თუ სცენარები მისთვის არახელსაყრელი მიმართულებით წარიმართა“,-აცხადებს პოლიტოლოგი.
გობოზოვის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთთან თავისი ურთიერთობის გადახედვაზეც ისაუბრა, თუმცა პრიორიტეტად ისევ ნატო და ევროკავშირი დაასახელა. იგივე შეიძლება ითქვას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაშიც.
„ივანიშვილი კი არა , ვინც არ უნდა მოვიდეს ქართულ ხელისუფლებაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ეჭვის ქვეშ არ დააყენებს. შეიძლება თავისი რიტორიკა შეარბილონ, შეიძლება გადადგან ის ნაბიჯები, რასაც თავის დროზე შევარდნაძე დგამდა, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიული კურსი ამით არ შეიცვლება“,-აცხადებს გობოზოვი.