პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პარლამენტის პირველ სხომაზე ძალიან წყნარი, საქმიანი სიტუაცია იყო და პრინციპული ინტონაციებიც ისმოდა.
საყვარელიძის განცხადებით, გამარჯვებულ პარტიას არ ეტყობოდა, რომ მხოლოდ ზეიმს აპირებს და აღნიშნა, რომ ისინი აცნობიერებენ იმ ტვირთს, რომლის აწევაც სამომავლოდ მოუწევთ.
პოლიტოლოგის თქმით, ეს ყველაფერი განსაკუთრებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გამოსვლაში გამოიკვეთა.
რაც შეეხება, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას, საყვარელიძის განცხადებით, მისი გამოსვლა მოწმობდა, რომ პრეზიდენტს საკუთარი მარცხიდან არაფერი უსწავლია.
„ამ შემთხვევაში, არამგონია, პრეზიდენტს შეიძლებოდეს, გულწრფელობა დავაბრალოთ, რადგან, თუ გულწრფელობაზე მიდგებოდა საქმე, შესაძლებელი იყო მას ძალიან ბევრი რამ ეთქვა, თუნდაც იმაზე, რატომ დამარცხდა მისი პარტია არჩევნებში.
სამწუხაროდ, მან ასეთი გზა არ აირჩია და პირიქით, საზოგადოების დარიგება დაიწყო, იმაზე მომავალში, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს დემოკრატია და მაგალითად, ბრძანა რომ საქართველოში პრინციპი ერთს ყველაფერი და დანარჩენს არაფერი არ უნდა იყოს. ამ დროს, 8 წელიწადი სწორედ, ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა. მაშინ უნდა მოეყოლებინა ფრაზაც, რომ „ნაციონალებმა“ სწორედ, ეს შეცდომა დაუშვეს. პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლაში, არანაირ შეცდომაზე, არანაირ მონანიებაზე არ იყო საუბარი, რაც ძალიან სამწუხაროა. ე.ი. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ქვეყნის პრეზიდენტმა საკუთარი მარცხიდან არაფერი ისწავლა“, - განაცხადა საყვარელიძემ.