სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან და შტეფან ფულესთან შეხვედრაზე განსახილველი საკითხები დაასახელა.
„ჩვენ დავადასტურებთ მზაობას, რომ არა თუ არ შეფერხდება ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვა არამედ, კიდევ უფრო ინტენსიური გახდება“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, ივანიშვილთან და მის კაბინეტთან შეხვედრაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიც არის საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნება, გახდეს ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრი.
„მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი ჩვენ ყოველთვის გვქონდა გაცხადებული. შეხვედრაზე განიხილება კონკრეტული თანამშრომლობის გეგმები, რომლებიც საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენი მხრიდან დავადასტურებთ მზაობას, რომ პროცესი არა თუ არ შეფერხდეს არამედ, პირიქით, კიდევ უფრო ინტენსიური იყოს და თუ არსებობდა რაიმე ბარიერები, მოიხსნას, მომავალი წლის გეგმები იმდენად დატვირთული იყოს, რომ ჩვენ უფრო ახლოს მივიდეთ იმ სანუკვარ მიზანთან, რაც არის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
ჯეიმს აპატურაისა და შტეფან ფულეს ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო.