"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთი წევრი, კობა ხაბაზი აცხადებს, რომ სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა პარტიისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, სოჭის ოლიმპიადა აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
მისი განმარტებით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს დაავიწყდა, რომ აფხაზეთი ისევ ოკუპირებულია.
„აფხაზეთში ოკუპანტი რუსეთის ჯარი ისევ დგას. ეტყობა ივანიშვილს დაავიწყდა, რომ საქართველოს ტერიტორიებიდან განუზომელი რაოდენობით გააქვთ ბუნებრივი რესურსები, რითაც შენდება ოლიმპიური ქალაქი. ივანიშვილს ისიც დაავიწყდა, რომ ეს ოლიმპიადა ტარდება იმ მიწაზე, რომელიც ჩერქეზი ხალხის სისხლითაა მორწყული. კიდევ ერთხელ ვთხოვთ, კარგად გაიაზროს ყველაფერი", - განაცხადა ხაბაზმა.