"ნაციონალური მოძრაობა", უმცირესობის ფარგლებში, რამდენიმე საპარლამენტო ფრაქციის შექმნას აპირებს. ამის შესახებ პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც ბაქრაძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის" სახელით პარლამენტში შესული უკლებლივ ყველა დეპუტატი ერთი გუნდის ფარგლებში უმცირესობაში იქნება გაერთიანებული,
„მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ პარლამენტში გამოსვლებისას და დებატებისას მეტი დრო გვქონდეს, გვქონდეს მეტი ხმა ბიუროზე და მეტი სხვა საპარლამენტო ბერკეტი, მივიღეთ გადაწყვეტილება, პარლამენტში რამდენიმე ფრაქციად ჩამოყალიბების თაობაზე“, - განაცხადა მან.
კონკრეტულად რამდენი ფრაქცია იქნება ან ვინ იქნებიან ფრაქციის ხელმძღვანელი პირები, ბაქრაძეს არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.