19 ოქტომბერს გაიხსნება თბილისის პირველი ტრიენალე, რომელსაც არტისტები პრაქტიკულად მთელი მსოფლიოდან ეწვევიან: ლისაბონი, ჰავანა უტრეხტი, ჰელსინკი, ფრანკფურტი, სამხრეთ კორეა, ეთიოპია და ა.შ. ერთი თვის განმავლობაში, ისინი თავის ნამუშევრებს 7 საგამოფენო სივრცეში წარადგენენ.
ტრიენალეს კურატორები არიან თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დამაარსებელი ვატო წერეთელი და ჰოლანდიელი მხატვარი ჰენკ სლაგერი, რომელიც იგივე სფეროში მოღვაწეობს და ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო გამოცემები აქვს გამოქვეყნებული.
ქართველი ხელოვანებიდან ტრიენალეში მონაწილეობენ მამუკა ჯაფარიძე და გიო სუმბაძე. ესენი არიან ის მხატვრები, ვისაც აქვს ნამუშევარი ან ვინც მუშაობს განათლების თემაზე. მათთან ერთად ტრიენალეში მონაწილეობას იღებენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც. აკადემიაში ასევე წარმოდგენილი იქნება მხატვარ ჰიტორ შტაილის უზარმაზარი ინსტალაცია, რომელიც უპრეცენდენტო იქნება.
არსებობს ტრიენალეების და ბიენალეების ორი ფორმა. ერთი, რომელიც აკეთებს ქალაქის ბრენდინგს (ვენეციის ბიენალე), და მეორე – თემატური, როდესაც ტრიენალე ან ბიენალე ერთ რამე კონკრეტულ თემას ეხება. თბილისის პირველი ტრიენალე ეხება თემას განათლება. ეს თემა ტრიენალეს უნიკალურს ხდის, რადგან არსად არ არის ჯერჯერობით რეგულარული გამოფენა, რომელიც განათლებას ეძღვნება. ტრიენალეს ფარგლებში თბილისში 70-ზე მეტი ვორქშოფი და სემინარია დაგეგმილი. მასში მონაწილეობა კი 1000-ზე მეტ მსურველს შეუძლია.
წლევანდელ ტრიენალეს თბილისში 7 ლოკაცია მოემსახურება. მათგან ხუთში საგამოფენო სივრცეებია დაგეგმილი. ესენია: თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, ევროპის სახლი, ხელოვნების მუზეუმი, ლიტერატურის მუზეუმი და სამხატვრო აკადემია.
ტრიენალე გოეთეს ინსტიტუტში 2 დღიანი ფორუმით გაიხსნება. ფორუმზე ყველა სკოლის წარმომადგენელსა და არტისტს თავიანთი პლატფორმის 20 წუთიანი პრეზენტაციის საშუალება ექნება.