ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს მაია ფანჯიკიძეს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვდა.
შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ნორლანდის განცხადებით, მაია ფანჯიკიძესთან ეს მისი პირველი შეხვედრა იყო და მისგან აშშ-ის საელჩო მჭიდრო თანამშრომლობას მოელის.
„ჩვენ, ამ გარდამავალ პერიოდს დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესი წინ მიიწევს. ვაფასებთ ორივე ლიდერის განცხადებას, რომელიც გაკეთდა სამშაბათს, რომ ხელისუფლების გადაცემა მოხდება პროფესიონალურად და ეფექტურად. ჩვენ, დღევანდელი შეხვედრაზე, მინისტრობის კანდიდატს გავაცანით ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დეტალები. ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ გაგრძელედება ახლო და მჭიდრო ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ, ამის გამო, მოხარულები ვართ“,- განაცხადა ნორლანდმა.
ფანჯიკიძის განცხადებით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და საუბარი ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხს და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებს შეეხო, რომელიც ხელისუფლების ტრანზიციის შემდეგაც უცვლელი დარჩება.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები არის უცვლელი და მასში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რისი გამოხატულებაც ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილს უცხოეთში პირველი ვიზიტი ვაშინგტონში ექნება“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.