საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვანო მერაბიშვილი დღეს, შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სასოფლო სამეურნეო პროექტები დაათვალიერა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
თავდაპირველად, ვანო მერაბიშვილი გორის რაიონის სოფელ სვენეთს ესტუმრა, სადაც 3.3 ჰექტარზე სათბურის მშენებლობა მიმდინარეობს.
მშენებლობა მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. დასრულების შემდეგ სათბურში პომიდვრის ჩითილები დაირგვება, საიდანაც საშუალოდ 1500 ტონა პომიდვრის მოსავლის აღება იგეგმება.
მშენებლობაზე 100-მდე ადგილობრივი არის დასაქმებული, ხოლო ამოქმედების შემდეგ სათბური 80 ადამიანს დაასაქმებს.
სვენეთის სათბურის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ქალაქ გორის ცენტრი დაათვალიერა, სადაც უკვე დასრულდა წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია და ამჟამად სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე პარკის და გორიჯვართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ვანო მერაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების და ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, შიდა ქართლში მიმდინარე როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება და წინასწარ დათქმულ ვადებში დასრულდება.