იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებით, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი შენარჩუნდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყარო აღარ უნდა იყოს.
აღნიშნულის შესახებ, წულუკიანმა დღეს for.ge - ის პრესკლუბში ისაუბრა.
„საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი შენარჩუნდება, რადგან ის ძალიან ბევრ ქვეყანაში წარმატებულია, მაგრამ ის არ უნდა ეხებოდეს განსაკუთრებულ მძიმე დანაშაულს. არ შეიძლება განზრახ მკვლელობაზე დაკავებულ პირს პროკურორი გაურიგდეს, რომ ფულის სანაცვლოდ, ციხიდან გამოვა. არ შეიძლება საპროცესო ინსტიტუტი ბიუჯეტის შევსების წყარო იყოს და საერთოდ, ჩვენ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის გადახედვას დავგეგმავთ. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ პროკურორებს მუშაობის აბსოლუტურად სხვა მიმართულება ექნებათ. დღემდე კი, მათ ჰქონდათ პირდაპირი ინსტრუქციები, რომ საქმეების 80-96 % საპროცესო შეთანხმებით მოეგვარებინათ. მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ“, - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმაში ის ასევე პროკურორსა და ბრალდებულს შორის გამართული მოლაპარაკებების მაქსიმალურ გამჭირვალობას მოიაზრებს.
„დღეს, როდესაც ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ოქმი არ დგება. არავინ იცის, რაზეა საუბარი, ამიტომ მოლაპარაკებები ხან ავტომანქანაში, ხან რესტორანში და ხან ბინაში მიმდინარეობს“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რამდენიმე ასპექტი შეიცვლება.
„ვფიქრობ, დაზარალებულის ფუნქცია უნდა გაიზარდოს. დღეს, მას მოწმის სტატუსი მისცეს, მაშინ როდესაც ძველი კოდექსით ისედაც დაკნინებული ფუნქცია ჰქონდათ. ასევე, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი და საპროცესო შეთანხმება უნდა გადაიხედოს. გარდა ამისა, ადვოკატის საქმე უნდა დაწინაურდეს, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეზე მომუშავე ადვოკატები უფუნქციოდ გრძნობენ თავს. ადვოკატებთან მოგვიწევს მუშაობა იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ მათი მუშაობა“, - განაცხადა წულუკიანმა.