თეა წულუკიანი: სტრასბურგში წასული საქმეების ნაწილი ქვეყნის შიგნით უნდა მოვაგვაროთ

თეა წულუკიანი: სტრასბურგში წასული საქმეების ნაწილი ქვეყნის შიგნით უნდა მოვაგვაროთ

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგში წასულ საქმეებზე, რომლებიც მემკვიდრეობით მასზე გადავა, საკუთარი სტრატეგია აქვს შემუშავებული და აღნიშნავს, რომ სწორედ,  აქედან გამომდინარე, პირველ ვიზიტს სტრასბურგში გეგმავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით,  წულუკიანმა დღეს, for.ge -ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

„გამომდინარე იქიდან, რომ სტრასბურგის სასამართლოს 10 წელი ვემსახურე და მე ვიყავი ის უბედური ადამიანი, რომელიც  ათი წელი ამდენ გაუბედურებული ადამიანის საქმეს იხილავდა, ვგეგმავ, ჩემი  პირველი ვიზიტი სწორედ,  სტრასბურგის სასამართლოში გავმართო. ამ ვიზიტის ერთადერთი მიზანი ის იქნება, რომ იუსტიციის სამინისტრომ  სტრასბურგის სასამართლო ქართული საქმეებისგან განტვირთოს. ამას ორი შედეგი ექნება. პირველი ის,  რომ ჩვენ დავამკვიდრებთ საქართველოში კულტურას, რომლის თანახმადაც,  ადამიანის უფლებები   ქვეყნის შიგნით გვარდება და,  რომ ადამიანს მითუმეტეს,  პატიმრის გაჭირვებულ დედას არ უწევდეს რკინის ქალამნების ჩაცმა, სადღაც სიარული და შემდეგ 5-6 წელი ცდა იმისთვის,  რომ რაღაცას მიაღწიოს.

ამდენად, ჩვენ გვექნება ორი შედეგი, - სწრაფი სტრასბურგი და ადამიანის უფლებები, დაცული ქვეყნის შიგნით. მეგობრული მორიგება (რომელსაც სტრასბურგის სასამართლო ითვალისწინებს) ადეიშვილის ხელში არ იყო კულტურა. მე მახსოვს, გირგვლიანის საქმეზე და იმ საქმეზეც კი (აღარაფერს ვამბობ სხვა საქმეებზე), სადაც ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ ორთაჭალის ციხეში პატიმრები ჩაახოცინეს, იუსტიციის სამინისტრო ევროპის სასამართლოში აგზავნიდა მოსაზრებებს და თავს იმართლებდა. იმ საქმეზე, სადაც მართლაც არის დარღვევა, სახელმწიფომ ეს უნდა აღიაროს. უნდა აღიაროს, რომ დაირღვა და შემდეგ გამოასწოროს ის, რაც დაირღვა. გარდაცვლილის შემთხვევაში ეს არის დამნაშავის დასჯა და ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა. სამწუხაროდ, მიცვალებულს ვერავინ გააცოცხლებს“, - ამბობს თეა წულუკიანი.

მისი თქმით, ამჟამად, სტრასბურგის სასამართლო  პრაქტიკულად,  ბლოკირებულია.

„მინდა მათ  და ჩვენს სახელმწიფოს  დავეხმარო. ბევრი საქმე, რომელიც  სტრასბურგშია წასული ქვეყნის შიგნით  უნდა მოვაგვაროთ. სტრასბურგში წასული საჩივრის საგანი უნდა მოგვარდეს და ოჯახს აღარ ჰქონდეს ინტერესი სტრასბურგში გააგრძელოს საქმე. ამას განიხილავს იუსტიციის სამინისტრო,  რომელსაც პირდაპირ აქვს უფლება სტრასბურგში საქართველო წარმოადგინოს. ამის მოგვარების შემდეგ,  სტრასბურგის სასამართლოში ჩივილი უპერსპექტივო არ იქნება,  რა თქმა უნდა,  ყველა სახელმწიფოს და მათ შორის ჩვენც გვექნება, რაღაც რაოდენობა საქმეების,  რასაც რაც არ უნდა ვეცადოთ ვერ მოვაგვარებთ, იმიტომ რომ, დაზარალებულს ყოველთვის  უფრო მეტი ენდომება ან რაღაც ჩვენ შეგვეშლება, მაგრამ  ის საქმეები,  რასაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ იქნება  ათი,  ოცი ან ოცდაათი და არა ვთქვათ,  ათასი და ხუთიათასი“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სტრასბურგის სასამართლოში დაახლოებით, ორიათასამდე საფუძვლიანი საქმეა.

„უსაფუძვლო საქმეების რიცხვი უფრო მეტია,  თუმცა  ზუსტ სტატისტიკას არ ვფლობ და ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ესეც იქნება.  როდესაც ჩვენ ამ ყოველივეს განვტვირთავთ, ის საქმეები, რომლებიც მაინც მოიყრის თავს  მოკლე ვადებში განიხილება.  ჩვენ შედეგად, ორი მიზანი გვექნება მიღწეული:  სწრაფი სტრასბურგი და ადამიანის უფლებების დიდი  რიცხვი მოგვარებული ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა წულუკიანმა.