თბილისის მერმა გიგი უგულავამ საკრებულოს წევრების შესახებ, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ძალიან კარგია, თუმცა მათგან უფრო ხშირად ერთგულების სადღეგრძელოები სმენია.
„ პატივს ვცემ ნებისმიერი ადამიანის გადაწყვეტილებას, თუმცა მიმაჩნია, რომ პროცესი, რომელიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, ძალიან კარგია. გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც მე ამ ადამიანების განცხადებები წავიკითხე, ძალიან გამიკვირდა, რადგან ამ წლების განმავლობაში მე მათგან მსგავსი ბრალდებები არასდროს მომისმენია. სამაგიეროდ, ხშირად მესმოდა სადღეგრძელოები ერთგულების შესახებ", - განაცხადა უგულავამ.
თბილისის მერის განცხადებით, ამ შემთხვევამ ერთი საინტერესო ფილმი გაახსენა მაკაკების ექსპერიმენტზე.
"ეს კაცი მუდმივად იხრება ხან ერთ უმრავლესობაში, ხან მეორეში, ბოლოს კი, სიარული რომ მობეზრდება, გამოაცხადებს, რომ მე ვარ ადამიანი უმრავლესობიდან და მე მიმაჩნია, რომ ესენი არიან სწორედ ასეთი ადამიანები, რომლებსაც მუდმივად უმრავლესობაში ყოფნა უნდათ. ფრიად საინტერესოა ადამიანების კატეგორია, რომლებიც თვლიან, რომ დროულად ღალატი ღალატი არ არის, საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ პროცესი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს, ძალიან კარგია. ეს არის ერთგვარი კრისტალიზაცია, რომ პარტია მუდმივად უმრავლესობაში ყოფნის მსურველი ადამიანებისგან განთავისუფლდეს. ეს არის პროცესი, რომ პარტიაში დარჩნენ ერთი იდეების და ღირებულების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები“, - აღნიშნავს თბილისის მერი და აცხადებს, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებს ახალ ფრაქციასთან, თუ მათ საინტერესო პროექტები და იდეები ექნებათ.