კომპანია „ცენტრ-პოინტის" მშენებლობით დაზარალებული მენაშენეები კომპანია " დექსუსის " ხელმძღვანელობას სამ პირობას - მათ მიერ წლების განმავლობაში აშენებულ ბინებზე ყადაღის მოხსნას, ამ ბინების დაუყოვნებლივ მათ საკუთრებაში გადაცემას და დარეგისტრირებას და ასევე თანხების დაბრუნებას უყენებენ.
ამის შესახებ აღმაშენებელზე, კომპანია " დექსუსის " ოფისის წინ გამართულ აქციაზე, ერთ-ერთმა დაზარალებულმა მარინე კორძაძემ განაცხადა. ამისათვის ისინი კომპანიას ერთ კვირას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაზარალებულები უმკაცრეს ზომებს მიმართავენ.
სარჩელს შევიტანთ პროკურატურაში, სადაც " ცენტრ-პოინტის " ხელმძღვანელობის და დამფუძნებლების პასუხისგებაში მიცემას მოვითხოვთ“, - აღნიშნა კორძაძემ და აღნიშნა, რომ ამ საქმეში ახალარჩეული მთავრობის იმედიც აქვთ.
დაზარალებული მენაშენიანები აცხადებენ, რომ მათ ბინების მშენებლობისათვის 300 მილიონზე მეტი თანხა აქვთ გადახდილი და დაახლოებით 6 000 -ზე მეტი ადამიანია ამ მშენებლობებით დაზარალებული.
აქციის მონაწილეებს " დექსუსის " დამფუძნებელი, ირაკლი კილაურიძე , მხოლოდ მას შემდეგ შეხვდა, რაც აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ და კომპანიის დამფუძნებელთან შეხვედრა მოითხოვეს. კილაურიძე შეეცადა, რომ დაზარალებული მენაშენიანების კითხვებისთვის ეპასუხა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მისი პასუხები სათანადოდ არ მიიჩნიეს. კერძოდ, კილაურიძე აცხადებს, რომ დამატებითი თანხების გადახდის გარეშე, რომელიც თითოეულმა დაზარალებულმა მენაშენიანემ უნდა გადაიხადოს, მშენებლობას ვერ დაასრულებენ, ეს კი აქციის მონაწილეებში დიდ უკმაყოფილებას და პროტესტს იწვევს.