ირაკლი ალასანია: ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები იქამდე დარჩებიან ავღანეთში, ვიდრე მისია არ დასრულდება

ირაკლი ალასანია: ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები იქამდე დარჩებიან ავღანეთში, ვიდრე მისია არ დასრულდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია, ახალ თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნის თავდაცვისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას აპირებს. ამის შესახებ მან დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მინისტრთა ახალი კაბინეტის წარდგენის და მისი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით,  ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები

 იქამდე არ დატოვებენ, ვიდრე მისია არ დასრულდება.

 „ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია იმაზე, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ავღანეთში დარჩებიან იქამდე, ვიდრე მისია არ დასრულდება. ბუნებრივია, ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყებთ დაგეგმარებას იმისა, თუ როდის გამოვიყვანთ ჩვენ შეიარაღებულ ძალებს ავღანეთიდან“,-აღნიშნა ალასანიამ.

რაც შეეხება სამინისტროს,  თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით,  იქ პროფესიონალი კადრები დაბრუნდებიან და საშუალება გვექნება ვნახოთ, რა ხდებოდა სამინისტროში.
„„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ პროფესიონალი სამხედროები დაუბრუნდებიან თავდაცვის უწყებას, ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ის კონსულტაციები,  რომელიც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. უახლოეს პერიოდში, საშუალება გექნებათ გამჭვირვალედ ნახოთ, თუ რა ხდებოდა თავდაცვის უწყებაში, როდესაც მას პრაქტიკულად დამნაშავეები მართავდნენ, ხალხი კვდებოდა და ამას არავინ იძიებდა. რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანა იქნება დაცული და თავდაცვისუნარიანობა იქნება ამაღლებული", -განაცხადა ალასანიამ.