პაატა ზაქარეიშვილი: უნდა დავეხმაროთ აფხაზებს საკუთარი ბედის გადამწყვეტები გახდნენ

პაატა ზაქარეიშვილი: უნდა დავეხმაროთ აფხაზებს საკუთარი ბედის გადამწყვეტები გახდნენ

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მათი მთავარი ამოცანა აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ურთიერთობის აღდგენაა.

მისი თქმით, ამ მხარეებს უნდა მიეცეთ შანსი საკუთარი ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობა თვითონ მიიღონ.

„ჩვენი გეგმა ძალიან დიდი და მკაფიოა. ბუნებრივია, ყველა დეტალი ჯერ გაწერილი არაა, მაგრამ მთავარი მიმართულებები პროგრამაში არსებობს და ჩვენ ამ პროგრამაში გაწერილ პოზიციებს მივყვებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა როგორმე აფხაზურ და ოსურ მხარეებთან აღვადგინოთ ურთიერთობები და მათ მივცეთ შანსი საკუთარი მომავლის ბედის გადაწყვეტაში თვითონ მიიღონ მონაწილეობა. ეს არ უნდა იყოს, ისე, როგოც აქამდე ხდებოდა. ვგულისხმობ იმას, რომ ყველაფერი რუსეთს მივაყარეთ და შესაბამისად, მათ ბედს მხოლოდ რუსეთი წყვეტდა. უნდა დავეხმაროთ აფხაზებს საკუთარი ბედის გადამწყვეტები გახდნენ. გვაქვს კავშირები და დარწმუნებულები ვართ, რომ აფხაზებისა და ოსების დაინტერესებას შევძლებთ ჩაერთონ მოლაპარაკებების პროცესში როგორც კონფლიქტის მხარეები“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, აუცილებელია მათი ინტერესების გათვალისწინებაც მოხდეს.

„აუცილებელია გავითვალისწინოთ მათი ინტერესები, რომ საქართველო მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე კი არა, არამედ მათი ინტერესების, მათი მომავლის, მათი იდენტობისა და ღირსების შენარჩუნებაზეც ფიქრობს. ჩვენ ამას მოვახერხებთ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.