კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჟენევის მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც 11-12 ოქტომბერს გაიმართება.
„როგორც ცნობილია, კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჟენევის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის 11-12 ოქტომბერს გაიმართება. გვინდა, განვაცხადოთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება” სრულიად უჭერს მხარს ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თანათავმჯდომარეობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთანავე, ჩვენ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ამ შეხვედრებში და კონსტრუქციულად ვითანამშრომლებთ ჟენევის ფორმატის ყველა მონაწილესთან, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებზე. გარდამავალ ეტაპზე, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციულად ვითანამშრომლოთ ჟენევის შეხვედრებში მონაწილე საქართველოს დელეგაციასთან, რათა ახალი მთავრობის მიერ დანიშნული წარმომადგენლებისათვის მოვალეობათა გადმოცემა მოხდეს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად, წინასწარი კონსულტაციების აუცილებლობის გათვალისწინებით. ამასთან, გვინდა, ავღნიშნოთ, ევროკავშირის სადამკვირვებლო (მონიტორინგის) მისიის პოზიტიური როლი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში და სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ, მასთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის” – ნათქვამია განცხადებაში.