სამტრედიის, ბაღდათისა და ნაძალადევის საარჩევნო ოლქებში ხელახალი არჩევნები ჩატარდება, სადაც ამომრჩეველს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ხელახლა არჩევა მოუწევს.
კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ამ ოლქებში გამარჯვებული „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში დაასახელა.
ივანიშვილმა ნაძალადევის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის, სამტრედიის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული კახი კალაძე – რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრის, ბაღდათის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული არჩილ კბილაშვილი კი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში ტარდება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.