კოალიცია „ქართული ოცნების“ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მამუკა არეშიძის შესახებ გავცრელებულ კადრებთან დაკავშირებით, არეშიძის პრესსამსახურმა მოქალაქე გიორგი საბაშვილის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საბაშვილი აღიარებს, რომ იგი კონსტიტუციური დაცვის დეპარტამენტის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, გიორგი ყავლაშვილის დავალებით მოქმედებდა.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საპარლამენტო არჩევნების წინ ქართულ მედიაში ფარული კამერით გადაღებული, დამონტაჟებული კადრები გავრცელდა, სადაც ასახულია პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ გარდაბნის რაიონის მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე, რომელიც თითქოსდა ქრთამის სახით ფულს აძლევს ამომრჩეველს.
ამის შემდეგ კი, მათი ინფორმაციით, აღიარებითი ჩვენება საბაშვილისგან მიიღეს, სადაც ის ადასტურებს კონსტიტუციური დაცვის დეპარტამენტის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის დავალებით მოქმედებას.
„ვმუშაობდი კონსტიტუციური დაცვის დეპარტამენტში და ვასრულებდი საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გიორგი ყავლაშვილისა და სხვა ხელმძღვანელი პირების დავალებებს. კერძოდ, წინა საარჩევნო კომპანიასთან დაკავშირებით დავალებული მქონდა შემეღწია პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ და კერძოდ ახლო ურთიერთობა დამემყარებინა და მომეპოვებინა მამუკა არეშიძის ნდობა, რათა მცოდნოდა მისი წინასააჩევნო კამპანიის დეტალები. რაც ჩემს მიერ განხორციელებული იქნა. მეტიც, მე დამტკიცებული ვიყავი სოფელ გაჩიანის კოორდინატორად, რის შემდეგაც მომეცა საშუალება უშუალო კონტაქტი მქონოდა მამუკა არეშიძესთან. დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრისას ვთხოვე მოეცა ჩემთვის განკუთვნილი გარკვეული რაოდენობის თანხა, რომელიც თითქოსდა მჭირდებოდა წინა საარჩევნო სამუშაოების ჩასატარებლად (აგიტაცია მოსახლეობაში, სოფლის პრობლემების მოძიება და სხვა), რაზეც მივიღე თანხმობა და შესაბამისი თანხა, რაც დავაფიქსირე ფარული ვიდეო-კამერით.
შემდეგ სპეციალურმა სამსახურმა ჩემს მიერ გადაღებული ვიდეო-მასალა დაამონტაჟა, მათთვის სასურველი სახე მისცა და მედიაში გაავრცელა. კონსტიტუციური დაცვის დეპარტამენტში მიღებული დავალება თავიდანვე ითვალისწინებდა გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა არეშიძის დისკრედტიტაციას.
გარდაბნის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟროტარი დეპუტატობის კანდიდატის დასამარცხებლად სრულყოფილად იქნა გამოყენებული ქვემო ქართლის რეგიონის კუდ-ის ხელთ არსებული მთელი რესურსი. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ აღნიშნულ პროცესებს უშუალოდ ხელმძღვანელობდა კუდ-ის ხელმძღვანელობა ვ.ლილუაშვილი. მინდა ავღნიშნო, რომ ჩემს მიერ აღიარებითი ჩვენება განაპირობა მხოლოდდამხოლოდ ჩემმა სურვილმა. არანაირ ძალდატანებას ან რამენაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა გიორგი საბაშვილმა.