ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს და From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დიდი მონოპოლიები, რომლებიც უსინდისოდ ძარცვავდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ვალდებულნი არიან საკუთარ თანამემამულეებს დაუბრუნონ ნაძარცვი და უარი თქვან დაახლოებით 2 მილიარდ დოლარზე, რომელსაც ისინი ქართველ ხალხს ჰპარავდნენ ერთი წლის განმავლობაში.
რამდენად შეძლებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ბიზნესმენები ამჯერად უკვე „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობას?
-ელემენტარული გამოსავალია, თუ ადამიანებს ნორმალურ სახელმწიფოში უნდათ ცხოვრება, მათ კეთილი უნდა ინებონ და მოქმედი კანონმდებლობის და კონსტიტუციის ფარგლებში, საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და არა ახლანდელი უპასუხისმგებლობის ჩარჩოებში, ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან.
ის, რაც დღეს პრივილეგირებულ ქართულ ბიზნესს გააჩნია, არაფერში წერია, ეს უზნეო საქციელია, ეს არის საკუთარი ხალხის ძარცვა. ბიძინა ივანიშვილმა მათ წესიერი საქმიანობისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა და ბიზნესის ყოველგვარი წნეხისგან გათავისუფლებას დაჰპირდა. ისინი პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის წინაშე არიან ვალდებულნი იყვნენ კონსტრუქციულნი, იყვნენ პასუხისმგებლობის მქონენი.
საზოგადოება დიდი ხანია საუბრობს იმ ბიზნესმენებზე, რომლებიც ხელისუფლების დახმარებით მრავალ უკანონობას ჩადიოდნენ და რომელთაც მონოპოლიები ჰქონდათ ქართულ ბაზარზე შექმნილი. საუბრობდნენ გარკვეულ ბიზნესებში ხელისუფლების წილების შესახებაც...
-თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ბუნებრივია, გარანტია იმის რომ დანაშაული ეპატიება, ბიძინა ივანიშვილი ასეთ განცხადებას არც გააკეთებს. ჩვენ სწორედ სამართლის უზენაესობასა და კანონიერების აღდგენასა და პატივისცემაზე ვსაუბრობთ, ეს მე ვიქნები, თქვენ თუ ყოფილი ხელისუფლების მიერ დანიშნული „დიდი ბიზნესმენი“, კეთილი ვინებოთ და პასუხი ვაგოთ. ეს ვერავის ვერ მოუხსნის დანაშაულს.
ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი მათ სახელმწიფო ზეწოლისაგან გათავისუფლებას, გადასახადების შემცირებას და საკუთარი კაპიტალით დახმარებასაც შეჰპირდა, ზოგიერთი ბიზნესმენის განცხადებით კი, საქართველოში ბიზნესს რენესანსის ეპოქაც დაუდგა...
-მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება შესანიშნავ პირობებს შეუქმნის ბიზნესს განვითარებისთვის და ადამიანები, ვინც ბიზნესში არიან, კომფორტულად იგრძნობენ თავს. დიდ ბიზნესს სოციალური სტატუსი სჭირდება, რომელიც მას დღეს არ გააჩნია. დიდი მონოპოლიები უსინდისოდ ძარცვავენ საქართველოს მოქალაქეებს და ისინი ვალდებულები არიან საკუთარ თანამემამულეებს წესიერად მოექცნენ, დაუბრუნონ ნაძარცვი და დღეიდან მაინც წესიერი საქმიანობით ჰქონდეთ მათ საქართველოში მაღალი სოციალური სტატუსი.
წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იქნებიან ფულიანი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას ეზიზღება. აი ის ორი გზა, რომელიც მათ უნდა აირჩიონ. ის რომ ისინი საბოტაჟს მოაწყობენ, ახალ ხელისუფლებას დაუპირისპირდებიან და ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებლები იქნებიან, ცუდი საქმეებისთვის რა თქმა უნდა, თორემ დანარჩენი მათი ნებაა, ამის იმედი დღეს საქართველოში აღარავის უნდა ჰქონდეს.
ივანიშვილმა ბიზნესმენებს მოუწოდა პროდუქციაზე არაადეკვატური ფასების დაწევის შესახებ. გაითვალისწინებს ბიზნესი ამ მოწოდებას?
- ბიძინა ივანიშვილი ბრწყინვალე ბიზნესმენია და ეს არის ზუსტი მოთხოვნა. დიდმა ბიზნესმა იცის, რა კატასტროფულ ზემოგებაზე მუშაობენ ხელისუფლების მხარდაჭერის გამო. ეს დიდი ბიზნესები ქართველი ხალხის საძარცვად იყო გამიზნული და ისინი ვალდებულნი არიან, ნორმალურ, ცივილურ მოგებებს დაკმაყოფილდნენ, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ნორმალურ ქვეყნებშია და უარი თქვან დაახლოებით 2 მილიარდ დოლარზე, რომელსაც ისინი ქართველ ხალხს ჰპარავდნენ ერთი წლის განმავლობაში.
მე როგორც „ქართული ოცნების“ ეკონომიკური თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი, გეუბნებით, რომ არასდროს იმ სოციალურ კანონს არ მივიღებთ, რომ ფასები შეიზღუდოს, გარკვეული უმკაცრესი კანონის ფარგლებში ეს ფასები ბაზარმა უნდა არეგულიროს, სანამ კონკურენტუნარიანი გარემო შექმნილა, სანამ ახალი ხელისუფლება მოსულა, დიდი ბიზნესი ვალდებულია უარი თქვას იმ ძარცვაზე და უარი თქვას ზემოგებაზე. ყველაფერი დათვლილია და ყველაფერი მათ წინ დაედებათ, ნახავენ ისინი თუ რა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. სანამ ეს უხერხული მდგომარეობა დამდგარა მათთვის, წესიერად იშრომონ საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი კეთილდღეობისთვის და საკუთარ კეთილდღეობას ქართველი ხალხის ძარცვის ხარჯზე არ მიაღწიონ. ასე ხისტად შევაფასებ მე მას, რადგან მოუთმენელია ეს მდგომარეობა.