პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილის არჩევას სიამოვნებით დაუჭერდა მხარს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის სხვა ლიდერების გადასაწყვეტია.
„ამ საკითხზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ ცნობილი არაფერია. რომ ვთქვა, ეს არ მინდა და არავითარ შემთხვევაში არ მოხდება-მეთქი, გულწრფელი არ ვიქნები“, - განაცხდა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, თანამდებობები კონსულტაციის საგანია, თუმცა „რესპუბლიკური პარტია“ წარმოდგენილი იქნება როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
„ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით, ჩვენ ვაპირებთ ძალიან სრულფასოვნად ვიყოთ წარმოდგენილები ყველგან და არ ვაპირებთ თავი ავარიდოთ პასუხისმგებლობას. ვაპირებთ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე ვიმუშაოთ და სრულფასოვანი მონაწილეობა მივიღოთ ხელისუფლების განხორციელებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მზადყოფნა ჩვენ პირველად გვაქვს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.