მამუკა გიორგაძე: სანამ ტირანიის შედეგები საბოლოოდ არ ლიკვიდირდება, სრულ გამარჯვებამდე ადრეა

მამუკა გიორგაძე: სანამ ტირანიის შედეგები საბოლოოდ არ ლიკვიდირდება, სრულ გამარჯვებამდე ადრეა

„სახალხო პარტია“ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებათან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. პარტიის  თავმჯდორმარის მამუკა გიორგაძის განცხადებით, სანამ ტირანიის საბოლოო შედგების, აგრეთვე  "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებისა და მისი სატელიტი ორგანიზაციების, 21-ე საუკუნის რუდიმენტების ქართული  საზოგადოებისგან ჩამოშორება არ მოხდება, მანამდე სრულ გამარჯვებამდე შორია.

"დასრულდა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნები, რომელსაც შეიძლება ითქვას, კლასიკურ არჩევნებთან საერთო ბევრი არაფერი ჰქონია. დარღვეული იყო ყველა წესი და კანონი, პროცედურა, რაც არჩევნებს უნდა ახასიათებდეს, დაწყებული ამომრჩეველთა სიიდან, დამთავრებული ხმების დათვლით. სახალხო პარტია, რომელიც იმთავითვე კარგად აცნობიერებდა მდგომარეობის არსსა და მნიშვნელობას, ისევე როგორც თავის ადგილს ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ პროცესების მთავარ შემოქმედს - საქართველოს მოსახლეობას ამ  გამარჯვებას ულოცავს. მოწიწებით უნდა აღინიშნოს საქართველოს ეკლესიის, ბრძნული, გაწონასწორებული ქმედებები და მათი მხრიდან ხალხის გვერდზე დგომა და იმედის შთაგონება. "სახალხო პარტია"  ულოცავს ამ გამარჯვების მთავარ ორგანიზატორს, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, რომლის როლიც ამ პროცესში უდაოდ გამორჩეული და განსაკუთრებულია. მან ქართველი ხალხის მისწრაფებების ხორცშესხმა რეალური გახადა. აუცილებლად გამოვყოფთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად განუცხადა ტირანიას, რომ არ დახუჭავდა თვალს ამ უკანასკნელის  კანონიერების გარკვეულ ფარგლებს გაცდენილ ქმედებებზე", - განაცხადა გიორგაძემ.

მამუკა გიორგაძე უტიფარს უწოდებს მოქმედი ხელისუფლების „ოპოზიციაში“ გადასვლას.

"აღმაშფოთებელია, სააკაშვილ-ბაქრაძე-ბოკერიას უტიფარი განცხადებები "ოპოზიციაში გადასვლასთან" დაკავშირებით, თან იმ ამბიციით, თითქოს, მთელი ცხოვრება დემოკრატიისთვის იბრძოდნენ. სრულ გამარჯვებად შესაძლოა, მივიჩნიოთ მხოლოდ ტირანიის შედეგების საბოლოო ლიკვიდაცია საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეურნეო ცხოვრების ყველა სფეროში, "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებისა და მისი სატელიტი ორგანიზაციების, 21-ე საუკუნის რუდიმენტების, ჩამოშორება საქართველოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებიდან. სახალხო პარტია, როგორც ყოველთვის, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ ბრძოლში და მისთვის  დამახასიათებელი ერთგულებით და პროფესიონალიზმით შეასრულებს თავის მოვალეობას ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის წინაშე", - აღნიშნულია განცხადებაში.