გიგი უგულავა: თბილისის მერიის მუშაობას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა

გიგი უგულავა: თბილისის მერიის მუშაობას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა

თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, თბილისის მერია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ამის შესახებ მან  ჟურნალისტებს თბილისობის დღესასწაულზე განუცხადა.

მისი განმარტებით მერიას აქვს უამრავი პროგრამა და უამრავი პროექტი, რომლის განხორციელებაზეც მუშაობენ.

„ამას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ბუნებრივია, მერია და თვითმმართველობა ვაგრძელებთ მუშაობას. მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს და სწორედ მათ მოგვარებაზე ვზრუნავთ", - აღნიშნა უგულავამ.

გიგი უგულავამ დედაქალაქის მოსახლეობას თბილისობა მიულოცა და მშვიდობა, განვითარება და ცხოვრების გაგრძელება უსურვა.

„დღეს თბილისთან დამეგობრებული ქალაქებიდან ათასამდე სტუმარია ჩამოსული, თბილისობის პროგრამა ყველა გემოვნების ადამიანზეა მორგებული და ყველას შეუძლია, ემოციურად დადებითი მუხტი მიიღოს“, - აღნიშნა მან.

მეიდანზე მოწყობილ საწნახელში ყურძენი ამ წუთებშიც იწურება. ამასთან, დღეს საწნახელში ყურძენი თბილისის მერმა გიგი უგულავამ, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა დაწურეს.