თახირ შახვერდოვი: „ვარდების ხელისუფლება“ დამარცხდა, მაგრამ მაინც მოიქნია კუდი  და გარდაბანში  არჩევნები ტოტალურად გააყალბა

თახირ შახვერდოვი: „ვარდების ხელისუფლება“ დამარცხდა, მაგრამ მაინც მოიქნია კუდი და გარდაბანში არჩევნები ტოტალურად გააყალბა

გარდაბნის რაიონში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გრძელდება.  სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით რაიონის 5 მოსახლემ შიმშილობა 3 დღის წინ დაიწყო. ქალაქ გარდაბანში მათ მხარდასაჭერად კულტურისა და სპორტის მოღვაწეები და პოლიტიკური კოალიციის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებოდნენ.

„თითქმის 20 წელი ველოდით, რომ რაიონში არჩევნები სამართლიანად ჩატარდებოდა და გარდაბნის მოსახლეობასაც მიეცემოდა საშუალება თავისი აზრი დაეფიქსირებინა. როგორც ჩანს ამაოდ ველოდით მიუხედავად იმისა, რომ „ვარდების ხელისუფლება“ დამარცხდა მან მაინც მოიქნია კუდი გარდაბნის რაიონში და არჩევნები ტოტალურად გააყალბა. არცერთი ხმის დათმობას არ ვაპირებთ - განაცხადა მოშიმშილე თახირ შახვერდოვმა.

„ქართული ოცნების“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მამუკა არეშიძემ აქციის მონაწილეებს შეახსენა კოალიციის ლიდერის  ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მოსახლეობისადმი, რომ ყველა სადაო საკითხი სასამართლოში განეხილათ და ქუჩის აქციები შეეწყვიტათ. ამის მიუხედავად გარდაბანში გამართული აქციის მონაწილეებს არ სჯერათ, რომ სასამართლო სამართლიანად განიხილავს მათ საჩივრებს და ისინი აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.