"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით ბეჟუაშვილის სარჩელი თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. ბეჟუაშვილი ქოსალარის #23 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით თეთრიწყაროს #26 საოლქო-საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მოსამართლემ გადაწყვეტილება ადვოკატების დაუსწრებლად გამოაცხადა, რადგან არც ერთი მხარის ადვოკატი პროცესზე არ გამოცხადდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა თეთრიწყაროს სასამართლოს წინ შეკრებილი "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან.
დღესვე თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში ჩატარდება მორიგი სასამართლო პროცესი. კერძოდ, სარჩელი აქვს შეტანილი "კახა კუკავა – თავისუფალ საქართველოს". "თავისუფალი საქართველო" მოითხოვს კოდის #40 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას. მოპასუხე მხარედ წარმოდგენილია თეთრიწყაროს #26 საოლქო-საარჩევნო კომისია, ხოლო მესამე მხარეს წარმოადგენს ლალი აფციაური და შალვა ხაჭაპურიძე.