მამუკა ღლონტი: რატომ მოხდა  „მაესტროს“  ანტენებზე  ყადაღის მოხსნა, პასუხი მარტივია,  ხელისუფლება შეიცვალა

მამუკა ღლონტი: რატომ მოხდა „მაესტროს“ ანტენებზე ყადაღის მოხსნა, პასუხი მარტივია, ხელისუფლება შეიცვალა

ტელეკომპანია „მაესტროს“  კუთვნილ სატელიტურ ანტენებს ყადაღა მოეხსნა. „მაესტროს“ დამფუძნებლის მამუკა ღლონტის განცხადებით, ტელეკომპანიას  პროკურატურიდან  დაუკავშირდნენ და აღნიშნულის შესახებ აცნობეს.

ღლონტი ამ ყოველივეს ხელისუფლების შეცვლას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ალბათ, რიგი მოსამართლეები და გამომძიებლები ხვედრის შემსუბუქებას ცდილობენ.

„რაც შეეხება, რატომ მოხდა ახლა, „მაესტროს“ სატელიტურ ანტენებზე ყადაღის მოხსნა, პასუხი მარტივია,  ხელისუფლება შეიცვალა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არც ველოდით,  პროკურატურიდან თვითონ დაგვირეკეს და გვაცნობეს. მართალი გითხრათ,  ამ ეტაპზე, ეს ანტენები  არც გვახსოვდა. რა მოხდა და როგორ მოხდა არ ვიცი. სავარაუდოდ,  ხელისუფლება რომ  შეიცვალა,  იქ  გამომძიებლები და პროკურორები ვინც ეს საქმე შეთითხნა ალბათ,  მომავალში ხვედრის შემსუბუქებას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ მათ მომავალში აუცილებლად ვუჩივლებთ“, - განაცხადა ღლონტმა.

მისი თქმით, ტელეკომპანია „მაესტრო“ თავის გეგმის განხორციელებას გააგრძელებს და მოსახლეობას ანტენებს დაუმონტაჟებს.

„ჩვენ გეგმები არ შეგვცვლია. აუცილებლად გავაგრძელებთ იმ გეგმით მოქმედებას,  რა გეგმაც გვაქვს ჩაფიქრებული. იმ დროსაც,  როცა ჩვენ ამ ანტენებს ვარიგებდით,  ეს ჩვენი კომერციული პროექტი იყო და ამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ღლონტმა.