პაატა კურტანიძე: ყველა ხელისუფლების დროს მიწევდა ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ მე არ ვარ მონოპოლისტი

პაატა კურტანიძე: ყველა ხელისუფლების დროს მიწევდა ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ მე არ ვარ მონოპოლისტი

კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელის, პაატა კურტანიძის განცხადებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გუშინდელ შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოჭრილ საკითხს ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენასასთან დაკავშირებით ის მხარს უჭერს.

ამის შესახებ მან გუშინ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას განაცხადა.

„ყველა ხელისუფლების დროს მიწევდა ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ მე არ ვარ მონოპოლისტი. სამწუხაროა, რომ ახლაც იგივე მიწევს. ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა აუცილებელია. ზუსტად უნდა განისაზღვროს მონოპოლისტის განსაზღვრის კრიტერიუმი და შემდეგ უკვე ის, თუ რომელი კომპანიები არიან მონოპოლისტები. ასე რომ, მივესალმები ბატონ ბიძინას განცხადებას", - აღნიშნა კურტანიძემ.

ამასთან, "ავერსის" დამფუძნებელს საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან "ერთი თხოვნაც" აქვს და მიმართავს, რომ კანონებში კომპანიების წარმომადგენლების აზრის მოსმენის გარეშე არაფერი შეცვალონ.

„მე არასდროს დამირღვევია კანონი. რა კანონიც იქნება, მის მიხედვით ვიმუშავებთ, მაგრამ მაქვს ერთი თხოვნა – არ მოხდეს ფარმაცევტულ თუ სხვა სფეროზე ახალი კანონის მიღება იქამდე, ვიდრე იქ მომუშავე წამყვანი კომპანიების აზრები არ იქნება მოსმენილი. მე არ ვამბობ, რომ გათვალისწინებული, მაგრამ მოსმენილი უნდა იყოს", - აღნიშნა კურტანიძემ.