მიხეილ სააკაშვილი: დარწმუნებული ვარ, დემოკრატიის პირობებში საქართველოში ქურდების დრო არასდროს დადგება

მიხეილ სააკაშვილი: დარწმუნებული ვარ, დემოკრატიის პირობებში საქართველოში ქურდების დრო არასდროს დადგება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკა ზღულაძესა და მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავასთან გუშინ გამართულ თათბირზე დარწმუნებით განაცხადა, რომ დემოკრატიის პირობებში საქართველოში ქურდების დრო არასდროს დადგება.

პრეზიდენტის თქმით, მკაცრად უნდა გავაკონტროლოთ, რომ  „კანონიერმა ქურდებმა“ საქართველოს საზღვარი არ გადმოკვეთონ.

„კანონმდებლობით, „კანონიერი ქურდობა“ ისჯება სისხლის სამართლებრივად. ამიტომ,  მე დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიის პირობებში მათი დრო აქ არასდროს დადგება. კანონის უზენაესობის პირობებში ისინი ვერასდროს გაბატონდებიან ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ეზოებში. ჩვენ არ უნდა დავუშვათ,  რომ ეს სიტუაცია ვინმემ ააფეთქოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, მოიქცნენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ძალები.

„ჩვენ მოვიქეცით,  როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა, იმედია,  ჩვენი პარტნიორებიც ასევე მოიქცევიან. უკლებლივ ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და კანონს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა გარკვეული სახის უწესრიგობა არც ციხეებში გამორიცხა და აღნიშნა, რომ ის შესაბამისი დავალების მიცემას აპირებს გიორგი ტუღუშისთვის.

„ვაპირებ გიორგი ტუღუშს ველაპარაკო. საპატიმროებში ჩვენ დავამყარეთ წესრიგი იმ გაგებით, რომ აღარ არის ძალადობა ადმინისტრაციის მხრიდან, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, ეს გადაიზარდოს სრულ უკანონობაში უკვე შიგნით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.