სააკაშვილი: თითოეული პოლიციელი ვალდებულია არ დაუშვან ქვეყანაში წესრიგისა და კანონიერების მოშლა

სააკაშვილი: თითოეული პოლიციელი ვალდებულია არ დაუშვან ქვეყანაში წესრიგისა და კანონიერების მოშლა

ბოლო პერიოდში მომხდარ კრიმინალურ ფაქტებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა გუშინ შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკა ზღულაძესა და მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავასთან თათბირი გამართა და მათ უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის დავალება მისცა.

მისი თქმით, ქვეყანა 90-იან წლებში აღარ არის და აღნიშნა, რომ ვისაც ჰგონია, რომ კანონიერ ქურდების დრო ისევ დადგა ისინი ცდებიან.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არის გარდამავალი პერიოდი და ჩვენი, მოქმედი ხელისუფლების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეული პოლიციელის, პროკურატურის ყველა თანამშრომლის პასუხისმგებლობაა, არ დაუშვან არც ერთ გარემოებაში ქვეყანაში წესრიგისა და კანონიერების მოშლა. ჩვენ აღარ ვართ 90-იან წლებში და თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ახლა დადგა მათი დრო, ვფიქრობ, ისინი ცდებიან. ამიტომ დაელაპარაკეთ ყველა პოლიციელს, პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომ იმუშაონ როგორც ყოველთვის და დაამყარონ კანონიერება და წესრიგი", - მიმართა სააკაშვილმა ზღულაძესა და ზოდელავას.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის კვლევით საქართველო ბოლო წლებში ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა და ეს მონაპოვარი დაცული უნდა იყოს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ძარცვები, დაყაჩაღებები, მანქანის გატაცებები, სხვა ტიპის ძალადობრივი გამოვლინებები უნდა აღიკვეთოს, როგორც ეს იყო აღკვეთილი ბოლო წლების განმავლობაში.

„ჩვენ ყველანი დემოკრატიას პატივს ვცემთ, ქართველი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ, მთავრობა ახალ მთავრობას გადააბარებს პასუხისმგებლობას, როგორც წესი და რიგია და როგორც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. ესაა დიდი მონაპოვარი ჩვენი დემოკრატიის, მაგრამ ამავე დროს ეს არ უნდა აისახოს მოქალაქეების ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე, ესაა წმიდათაწმიდა და ხელშეუხებელი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.