"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლია მუხაშავრია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებას, „სასამართლოს გარკვეული პოლიტიკური ძალა ემუქრება და რომ სასამართლო მუშაობას ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისა და მუქარის გარეშე გააგრძელებს და რომ ოპონენტებმაც უნდა იცოდნენ, იმ პოლიტიკური პროცესებისგან, რომელიც ხორციელდება სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს“, ხელისუფლებიდან წასული პოლიტიკური ძალის ხავსის ჩაბღაუჭების მცდელობად აფასებს.
„ეს ხელისუფლებიდან წასული პოლიტიკური ძალის მცდელობაა ჩაებღაუჭონ ხავს, რომ დაკარგულის აღდგენა, ეგებ სასამართლოს მეშვეობით მაინც მოახერხონ. მათ ბევრი აქვთ დასაკარგი, ახლა სასამართლოზე იქნება გადასაწყვეტი, თუ ვინაა დამნაშავე, ვის წაართვეს ქონება უკანონოდ და აშ. ვფიქრობ, ეს განცხადება მან მოსამართლეების საყურადღებოდ გააკეთა, რომ მათ თავი ყინჩად ეჭიროთ და არ შეეშინდეთ, რათა უახლოეს მომავალში არაფერი არ დაემუქრებათ“, - განაცხადა მუხაშავრიამ და დასძინა, რომ „ეჭვი მაქვს, ამ დღეებში სასამართლოები შეჩერდნენ. არაფერს აღარ იხილავენ და არ წყვეტდნენ. ცვლილებებს ელოდებიან, კუბლაშვილმა კი ამ განცხადებით მათ უთხრა, რომ ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, თქვენი საქმიანობა გააგრძელეთ, ბრჭყალები ჯერ კიდევ გვაქვსო“.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპინჩმენტის საკითხის დაყენება არ შეიძლება.
რაც შეეხება კითხვას, არსებობს თუ არა იმ საქმეებს გადახედვის მექანიზმი, რომლებსაც პოლიტიკური შეფერილობა ჰქონდა, მუხაშავრია აცხადებს, რომ მათი არავითარი გადასინჯვის მექანიზმი არ არსებობს.
„სამწუხაროდ, ვიდრე ძველი მოსამართლეები არიან სასამართლოში, ამ საქმეების გადასინჯვის პერსპექტივა არ არსებობს“, - განაცხადა მუხაშავრიამ.