დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რუსთავი2-ის წილის სამართლებრივი გზის დაბრუნებას შეეცდებიან

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რუსთავი2-ის წილის სამართლებრივი გზის დაბრუნებას შეეცდებიან

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე იწყებენ სამართლებრივ ბრძოლას „რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის სასამართლოს გზით დაბრუნებისთვის. ამ განცხადება Media.Ge-ს ავრცელებს.

„ ჩვენი ამოცანაა განხორციელდეს ჯერ კიდევ 2004 წელს დასახული ტრანსფორმაცია -  რუსთავი 2 გადაიქცეს სივრცედ, სადაც კამათი, მსჯელობა, ახალი იდეები ხელს შეუწყობს სამოქალაქო დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებას“, აღნიშნულია დამფუძნებელთა მიმართვაში.

ამასთან, მიმართვის თანახმად, ტელეკომპანის ყოფილი მფლობელები, აცნობიერებენ რა თავიანთ „წილ პასუხისმგებლობას“ და  აღიარებენ „დაშვებულ შეცდომებს“, მათ შორის იმას, რომ ჯერ კიდევ 2004 წელს საჯარო არ გახადეს „უმაღლესი სახელისუფლო ჯგუფების მხრიდან“ მათზე  „განხორციელებული ზეწოლა“, რამაც ისინი აიძულა დაეთმოთ რუსთავი 2,  ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ „დემოკრატიის დროშით მოსული ხელისუფლების ხელში მედია ძალმომრეობისა და პროპაგანდის იარაღად იქცეოდა“,-განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

ავტორები მიმართავენ  რუსთავი 2-ის თანამშრომლებს: „ნაციონალური სახელისუფლებო ვერტიკალი ზუსტად 5 დღეში ჩამოიშალა. ნანგრევებში მოყოლის შანსი, განსაკუთრებით, ახალი, მოულოდნელი მეპატრონის გამოჩენის პირობებში, ვფიქრობთ, თქვენთვისაც ნათელია. დადგა დრო გადადგათ დამოუკიდებელი და ღირსეული ნაბიჯი, გადაარჩინოთ რუსთავი 2 და აღუდგინოთ შელახული რეპუტაცია“,-ნათქვამია მიამრთავში.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები ასევე მიმართავენ, სამოქალაქო სექტორს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 „თითოეულ ადამიანს, რომელმაც შეუფასებელი მონაწილეობა მიიღო მოძალადე რეჟიმის დემონტაჟის საქმეში. ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი  არიან,  იდგნენ დემოკრატიული ფასეულობების სადარაჯოზე: „ გთხოვთ დაეხმაროთ ერთ დროს დამოუკიდებელ, თავისუფალ მედიასივრცეს, სახელწოდებით “რუსთავი 2” - თავიდან აიცილოს მოსალოდნელი კოლაფსი და კვლავ დადგეს დემოკრატიული პროცესების განვითარების სადარაჯოზე.“

„მივმართავთ აგრეთვე დიპლომატიურ კორპუსს. რუსთავი 2-ის ისტორიის ყველა კრიტიკულ მომენტში გვქონდა თქვენი განსაკუთრებული მხარდაჭერა. ვიმედოვნებთ, არც ამჟამად დარჩება ტელევიზიის გარშემო განვითარებული მოვლენები თქვენი ყურადღების მიღმა. განვითარებული მოვლენების ფონზე, ვფიქრობთ თითოეული ჩვენგანის ვალია შევინარჩუნოთ ერთ დროს თავისუფალი ტელევიზია, რათა ქვეყნის განვითარების ეს მნიშვნელოვანი ეტაპი მედიის ნგრევით და გაქრობით არ დაიწყოს“,-წერია მიმართვაში.