ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა „ავერსის“ ხელმძღვანელს პაატა კურტანიძეს სიტყვა შეაწყვეტინა, რომელიც ქვეყანაში, კონკრეტულად კი, ფარმაცევტულ სფეროში მონოპოლიების არსებობას უარყოფდა.
„ავერსის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ამ სფეროში არანაირ მონოპოლიას არ აქვს ადგილი, კოალიციის ლიდერმა კი, მას საჩხერის საავადმყოფოსთან დაკავშირებით, კონკრეტული მაგალითი მოუყვანა, თუ როგორ ვერ მოახერხა ამ საავადმყოფოსთვის ქვეყანაში მედიკამენტების შემოტანა.
„მონოპოლიებზე საუბარმა ბევრჯერ გაიჟღერა კონკრეტულად, ფარმაცევტულ სფეროზე და ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ, ჩემი მოსაზრება ვთქვა. ფარმაცევტულ სფეროში, არცერთ კომპანიას და არც ერთ პიროვნებას არ გვქონია არასდროს და არ აქვს შეზღუდვა ან მედიკამენტების იმპორტში ან აფთიაქის გახსნაში“, - განაცხადა კურტანიძემ, რომელსაც საუბარი კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შეაწყვეტინა.
„ძალიან გთხოვთ, მე ახლავე შეგაჩერებთ. მაგალითად, საჩხერეში საავადმყოფოსთვის წამლის შემოტანა ვერაფრით მოვახერხეთ, რას მელაპარაკებით, ეს ზღაპარია“, - განაცხადა ივანიშვილმა, რომელსაც თავის მხრივ, კურტანიძემ უპასუხა:
„ამჯამად, საქართველოში 456 იმპორტიორია, რომლებსაც მედიკამენტები შემოაქვს და 2500 აფთიაქია“, - განაცხადა კურტანიძემ.
მაშინ, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმეში პირადადაც კი, ჩაერია, თუმცა დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერს გახდა.
„ძალიან დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოვახერხეთ საავადმყოფოს ჰქონებოდა საშუალება საზღვარგარეთიდან მედიკამენტები თვითონ შემოეტანა. ეს ციფრები ჩემთვის არაფრის მთქმელია. ეს მაგალითია ჩემთვის ყველაფრის მთქმელი“, - განაცხადა ივანიშვილმა.