საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, კახა კახიშვილი მთავრობის კანცელარიაში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრის და მათ მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აცხადებს, რომ ორივე მხარე აცნობიერებს, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებაა აუცილებელი, რათა ამ საფრთხის გამო, შეიძლება ქვეყანა დაზარალდეს.
„ორივე მხარე აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოხდეს. შეიძლება პირველ დღეებში, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს განცდები ჰქონდათ, რაღაც პრობლემების შექმნისა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თვითონ საერთაშორისო ორგანიზაციებმაც სერიოზულად იმუშავეს და ვხედავთ, რომ დღეს, რიტორიკა შეცვლილია. კიდევ ერთხელ, ძალოვანი მინისტრების გადაცემაც დადასტურდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ბუნებრივია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ძალიან გახარებულნი არიან, რომ ხელისუფლებიდან მიდიან. მთავრია, ახლა სანამ პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება და მინისტრთა კაბინეტი დამტკიცება, ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს“, - განაცხადა კახიშვილმა.
კახიშვილი იმედოვნებს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ სიტყვიერი არ იქნება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობა მშვიდობიანად იყოს.
ცნობისთვის, მთავრობის კანცელარიაში მოქმედი ხელისუფლების „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის წარმოების ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
დღევანდელ შეხვედრას კოალიციის მხრიდან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი, ხელისუფლების მხრიდან - დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი ესწრებოდნენ.
მომავალი შეხვედრა 8 ოქტომბერს გაიმართება.