„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში სამი მომჩივანი სუბიექტის სახელით - „სახალხო კრება“, ნინო ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე საჩივარი შეიტანა.
მუხაშავრიას განცხადებით, 2011 წლის 26 მაისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაშავდა ასობით მოქალაქე და ჟურნალისტი. აქციის მონაწილენი „სახალხო კრების“ წევრები და მხარდამჭერები იყვნენ. ამ პირთა დევნა კი, განპირობებული იყო მათი პოლიტიკური შეხედულებებით და ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მიმართ ოპოზიციური განწყობით.
„სახალხო კრების რამდენიმე ათეული წევრი მაისამდე და და მერეც, სრულიად უკანონოდ იყო რეპრესირებულნი. ამავე საჩივარში ნინო ბურჯანაძის და ბადრი ბიწაძის, როგორც მომჩივნების საქმეებია გაერთიანებული. ნინო ბურჯანაძე იმ ნაწილში, რომ მისი დისკრედიტაცია მედიით მიდიოდა და ბადრი ბიწაძე, რომელიც დაუსწრებლად გაასამართლეს, მაისის აქციების, როგორც შეიარაღებული ფორმირების ორგანიზების გამო“, - განაცხდა მუხაშავრიამ.
მუხაშავრიას თქმით, მოგების შემთხვევაში ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ საქართველო მთავრობამ აი, ამ სუბიექტებს მრავალი უფლება დაურღვია.
„უნდა ჩატარდეს გამოძიება და მოხდეს იდენტიფიკაცია ვისი უშუალო მონაწილეობით იყო ჩადენილი ეს დარღვევები. დაისაჯონ დამნაშავეები, ხოლო დაზარალებულებს დარღვეული უფლება აღუდგეთ და კომპენსაცია მიეცეთ“, - განაცხადა მუხაშავრიამ.
საჩივრის ავტორები - „სახალხო კრება“, ნინო ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე ასაჩივრებენ სამივე მომჩივანის მიმართ ევრკონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევას - მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა მე-6 მუხლი(სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება), მე-6 მუხლი მე-13 მუხლთან მიმართებით (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება), მე-8 მუხლი(პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება), მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა), პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება)და მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (დისკრიმინაციის დაუშვებლობა).
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას პარტია „დემოკრატიული საქართველოც“ ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სახალხო კრებასთან” ერთად, ბურჯანაძე და ბიწაძე გახდნენ საკუთარი ოპოზიციური პოლიტიკური შეხედულებების გამო ევროკონვენციით დაცულ უფლებათა დარღვევის მსხვერპლნი.
„მათი დევნა და მათ მიმართ ჩადენილი დარღვევები გამოწვეული იყო კონკრეტულად ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ოპოზიციაში გადასვლით, რასაც მისი მეუღლის დაუსწრებელი მსჯავრდება მოჰყვა 2011 წლის მაისის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.