„დემოკრატიული მოძრაობა“კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებას ცინიზმად აფასებს

„დემოკრატიული მოძრაობა“კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებას ცინიზმად აფასებს

პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებას ცინიზმად და სამარცხვინოდ აფასებს. ამის შესახებ პარტიის მიერ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში პარტია იუწყება, რომ კუბლაშვილის სასამართლომ საკუთარი უსამართლო, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ათასობით ადამიანი უდანაშაულოდ გამოამწყვდია საპატიმროებში.

ამასთანავე, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ იმედი გამოთქვა, რომ უმოკლეს ვადაში ქვეყანაში შეიქმნება რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ყველა პირს სამართლიანად გაასამართლებს.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ცინიკური და სამარცხვინოა იმ სასამართლოს თავმჯდომარისაგან სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი, რომელიც წლების მანძილზე სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ დაკვეთას უსიტყვოდ ასრულებდა და ქართული მართლმსაჯულება მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების მანქანად აქცია.

ბოლო წლების მანძილზე, კუბლაშვილის სასამართლომ საკუთარი უსამართლო, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ათასობით ადამიანი უდანაშაულოდ გამოამწყვდია საპატიმროებში, სადაც მათ დიდ ნაწილს  სასტიკად აწამებდნენ.

სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეებს არ მოუსმენიათ ბატონი კუბლაშვილისაგან ასეთი შეშფოთება და არც მის მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები უნახავთ მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესებზე პროკურორებისგან  მოსამართლეები ტელეფონით იღებდნენ დირექტივებს და მხოლოდ პროკურორების მოთხოვნებს იზიარებდნენ.

„დემოკრატიულ მოძრაობას“ იმედი აქვს, რომ უმოკლეს ვადაში ქვეყანაში შეიქმნება რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების გარეშე, სამართლიანად გაასამართლებს ყველა იმ უმაღლესი თანამდებობის პირს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მათ შორის, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს დღევანდელ თავმჯდომარესაც“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.