მანანა კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ სწორედ მოსახლეობის აქტიურობით გამოვგლიჯეთ ის ხმები, რაც მივიღეთ

მანანა კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ სწორედ მოსახლეობის აქტიურობით გამოვგლიჯეთ ის ხმები, რაც მივიღეთ

"არჩევნები რომ სამართლიანად ჩატარებულიყო, "ქართული ოცნება" 75%-ს მიიღებდა", - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ  დღეს   FrontNews-ის  პრესკლუბში   ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე   განაცხადა .

მისი თქმით, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში იყო ამორჩევლების პირდაპირი დაშინებები, მოსყიდვები, მუქარები, რიგ უბნებში ამომრჩეველს საარჩევნო უბნებამდე პოლიცია მიაცილებდა და აღნიშნა, რომ ის რასაც მიაღწია კოალიციამ დიდი ბრძოლისა და ძალისხმევის შედეგია.

„საჩხერის მაგალითზე გეტყვით, რომ წინა დღეს უბნებზე დარიგებული ბეჭდები იყო არეული, ეს რომ არ გაგვეგო და გამოგვესწორებინა, საჩხერეში არჩევნები ჩაიშლებოდა. იმ ოლქებში, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" დარწმუნებული იყო, რომ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებდა არჩევნების გასაყალბებლად სხადასხვა მექანიზმებს იყენებდა. სწორედ მოსახლეობის აქტიურობით გამოვგლიჯეთ ის ხმები, რაც მივიღეთ“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ მისთვის ისიც გასაკვირი იყო, რომ ზუგდიდში გამარჯვება არა ირაკლი ალასანიამ, არამედ როლანდ ახალაიამ მოიპოვა.

ამასთანავე, კობახიძემ საკუთარ აქტივისტებს აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

კოალიციის ერთ ერთი ლიდერი კოალიციის დაშლასთან დაკავშირებულ გავრცელებულ ხმებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შავი პიარის ნაწილია.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის კოალიცია არის ერთად და აღნიშნა, რომ კოალიციის ყველა დაპირება არის რეალური და განხორციელებადია.

„როცა ჩვენ მთელ რიგ გამოცანებს შევასრულებთ, თუ კი საჭიროება იქნება, შესაძლოა, გარკვეული სუბიექტი გავიდეს კოალიციიდან. თუმცა ეს ამ ეტაპზე არ მოხდება. ის, რომ ჩვენ რაიმე პროგრამას ვერ განვახორციელებთ, არის შავი პიარის ნაწილი", - განაცხადა კობახიძემ.