კოალიცია „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე სამართალდამცავ სტრუქტურებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებასა და საზოგადოების დაცვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
როგორც კობახიძემ დღეს FrontNews-ის პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა ძალიან ცუდია, თუ ვინმეს, ვინც ხელისუფლებიდან წავიდა, უხარია ის, რომ ყაჩაღობისა და ძალადობის ფაქტები გახშირდა და აღნიშნა, რომ ამ მომენტისათვის მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება.
„ორი დღეა ვისმენ ინფორმაციას ძარცვისა თუ დაყაჩაღებების შესახებ. თითქოს კრიმინალური სიტუაცია გაუარესდა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და სამართალდამცავ სტრუქტურებს მოვუწოდო, რომ ამ ეტაპზე ისინი ვალდებულნი არიან მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოქმედი ხელისუფლების მიერ არიან დანიშნულნი, შეასრულონ ვალდებულება და დაიცვან საზოგადოება", - განაცხადა მანანა კობახიძემ
დღევანდელ პრესკონფერენციაზე კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და „დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძეს შორის.
მისი განმარტებით, თუკი მათ შორის კონსულტაციები დაიწყება, საზოგადოების ინფორმირება შესაბამისად მოხდება.
„ამ ინფორმაციას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. თუკი რაიმე ასეთი მოხდა, საზოგადოებას ამის შესახებ აუცილებლად ეცნობება", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე შესაძლოა, ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრად ვიხილოთ.