რამდენიმე დღეა სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ კადრებს, სადაც სამთავრობო მანქანებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების საზღვარზე გადასვლის ფაქტები ფიქსირდება. აეროპორტში კონცენტრირებულ სამთავრობო ავტომანქანებში, სახელმწიფო დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს ნომრებია ამოცნობილი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საზღვრის სამთავრობო მანქანებით გადაკვეთასთან დაკავშირებითის ის ფლობს ინფორმაციას, თუმცა ფაქტების „დრამატიზირებისგან“ თავს იკავებს.
მისი განმარტებით, საზღვრებზე ძალიან უცნაურ ფაქტებს აქვს ადგილი, სადაც აეროპორტის უსაფრთხოების უფროსი, ვინმე ლაშა კოჭლამაზაშვილი, „უცნაურად ატყლაპუნებს ბეჭდებს გასვლა გამოსვლაზე“ და აღნიშნა, რომ იმის შესახებ, თუ რა პროცესებს აქვს ადგილი მალე დაინტერესდებიან.
როგორც ექსპერტმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, მიუხედავად ამისა, ამ ყველაფრისთვის წინასწარი კვალიფიკაციის მიცემა და ცალსახად საუბარი, რომ ისინი ქვეყნიდან „გარბიან“ მაინც არ შეიძლება.
„შესაძლებელია ადამიანი მიდის დასასვენებლად, ან რაღაც ვიზიტი აქვს დაგეგმილი. წინასწარი დასკვნები, რომ ისინი მაინცდამაინც გარბიან, ნაადრევი და ნაჩქარევია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტი აცხადებს, მათი თუ კი ვინმე მართლაც ტოვებს საზღვრებს „ხანგრძლივი ვიზიტით“ ეს უცნაურიც იქნება, რადგან მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ მათ პოლიტიკურ დევნას არ აპირებს და აღნიშნა, რომ კოალიციის წარმომადგენლებმაც არა აერთხელ დაადასტურეს.
ამიტომ ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ თუ კი საფრთხის არ არსებობის მიუხედავად ისინი ქვეყნიდან „გარბიან“, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ რაღაც მნიშვნელოვანი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და თავს დამნაშავეებად თვლიან.
„ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ რატომ უნდა გრძნობდნენ საფრთხეს, არ მესმის. თუ მართლაც ქვეყანას ტოვებენ ისე, რომ არ აპირებენ დაბრუნებას, თავისთავად ჩნდება ეჭვი, რომ ან სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი, ან რაღაც ისეთი გააქვთ უკანონოდ, რაც არ უნდა გაიტანონ. თუმცა ეს საკითხი დღეს გასარკვევი არ არის. ნელ-ნელა თავისთავად გაირკვევა ყველაფერი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი და მაინც გაიქცევა, არც ეს არის პრობლემა . გლობალიზაციის პერიოდში დამალვა პრაქტიკულად შეუძლებელია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება მათ გასაკონტროლებლად რაიმე მექანიზმის გამოყენებას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი. რადგან მისი აზრით, ამ ეტაპზე უბრალოდ გასვლაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.