„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსპიკერი, ბაკურ ბაკურაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ საუბრობს.
როგორც სოციალურ ქსელში ბაკურაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კუბლაშვილის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სიტყვები ყოველგვარ უზნეობას და ცინიზმს სცილდება და აღნიშნა, რომ ის პასუხს ახალი ხელისუფლების წინაშე მალე აგებს.
„ადამიანურად გასაგებია კოტე კუბლაშვილის ის უტიფარი განცხადება, რომელიც დღეს გააკეთა ვითომ სასამართლოზე ზეწოლასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მხრიდან, მართლაც სააკაშვილმა სიცოცხლე შეუნარჩუნა. ის მძიმე ავადმყოფი იყო, მაგრამ ამდენი წლის მანძილზე ჩადენილი უამრავი დანაშაულით ხალხის წინაშე, სააკაშვილის პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით, რომელსაც წლების მანძილზე "სასამართლო" ასრულებდა, ვერ გამოისყიდა ეს ვალი?
ან, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ უღირს საქართველოს მოსახლეობას კოტე კუბლაშვილის ჯანმრთელობა ათასობით უდანაშაულო ადამიანის უკანონოდ იმ ციხეში გამომწყვდევა, რომელშიც ადამიანებს აწამებდნენ?
თუმცა შეიძლება ამას იმის საფასურადაც აკეთებს, რომ 2003 წლამდე ჯიბეგამოხეული კუბლაშვილები, ახლა ფეშენებელურ სასახლეში ცხოვრობდნენ.
უტიფრობის ხარისხსაც გააჩნია. რაც დღეს კოტე კუბლაშვილმა იღაღადა ეს უზნეობის და ცინიზმის ყველა ზღვარს სცილდება.
ახალი ხელისუფლების პირობებში მალე აგებთ პასუხს ბატონო კოტე პოლიტიკური სასამართლოს ჩამოყალიბებისათვის და ხალხის წამებაში თანამონაწილეობისათვის!
კიდე რო ბევრს ტლიკინებენ ეს სისხლის სამართლის დამნაშავეები!!!!!!“, - აღნიშნულია ბაკურაძის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონსტანტინე კუბლაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
„სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი იმ პოლიტიკური პროცესებისგან, რომელიც ხორციელდება“, - განცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვდრაზე იმყოფებოდნენ აშშ-ის, ევროკავშირის, ჰოლანდიის, ესპანეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ელჩები და ასევე საფრანგეთის ელჩის მოადგილე.
კუბლაშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.
კუბლაშვილის თქმით, მათ გარკვეული პოლიტიკური ძალის მხრიდან სასამართლოს მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია.
კუბლაშვილმა კონკრეტულ ფაქტებიც დაასახელა, როცა მოსამართლეების მიმართ ზეწოლა განხორციელდა.
„ქართული ოცნების წარმომადგენელი მივიდა მოსამართლესთან სახლში და ესაუბრა კონკრეტულ საარჩევნო დავაზე. ჩვენ ამასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ და ამ ადამიანს ფინანსური ჯარიმა დაეკისრება", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მისი თქმით, საერთო ჯამში, სასამართლო სისტემა არანაირად არაა დაკავშირებული და არ ჩაერევა პოლიტიკურ ცვლილებებში. ამავდროულად კუბლაშვილის განცხადებით, სისტემა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოსამართლეებმა და მთლიანად სასამართლომ პოლიტიკური ჩარევების გარეშე იმუშაოს.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისა და მუქარის გარეშე. მათაც უნდა იცოდნენ, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი იმ პოლიტიკური პროცესებისგან, რომელიც ხორციელდება", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.