"რაც უფრო შორს იქნება ხელისუფლება ბიზნესისგან, მით უფრო უკეთესი იქნება", - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამიერიდან ისეთ დამეგობრება, როგორიც ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის აქამდე იყო, აღიკვეთება. ივანიშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენები ხელისუფლებას უნდა ესაუბრებოდნენ არსებულ საჭიროებებზე და არა დამეგობრებაზე.
„წინა ხელისუფლებამ მიუღებელი ურთიერთობა დაამყარა ბიზნესთან. ხელისუფლება ბიზნესთან კი არ უნდა მეგობრობდეს არამედ უნდა უსმენდეს მას. იგივეა ჩინოვნიკები და არავითარი დახმარება არ უნდა მიიღონ ბიზნესმენებმა მათგან“, - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ შეიქმნება ორგანო, რომლის საშუალებითაც, ბიზნესს შეეძლება ოფიციალური წინადადებებით მიმართოს მთავრობას.
„ქართული ოცნების" ლიდერმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება არის პრიორიტეტი. ასევე, მისივე თქმით, პრიორიტეტია მცირე და საშუალო საწარმოების შექმნა, მათ შორის რძის და ხორცის გადამამუშავებელი საწარმოების.
„ბიზნესმა თვითონ უნდა მოძებნოს, სად, რომელ დარგშია პრიორიტეტული ინვესტიციების ჩადება. ბიზნესი ეძებს ასეთ გზებს.“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მას მზა ფორმულა არ აქვს, მაგრამ შეეცდება სამეცნიერო ჯგუფებთან ერთად გააკეთოს და მოიძიოს აღნიშნული სფეროები.