სოსო ცინცაძე: ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები,  რამდენად გულწრფელია ამას  ფაქტები დაამტკიცებს

სოსო ცინცაძე: ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რამდენად გულწრფელია ამას ფაქტები დაამტკიცებს

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, მთავრობის კანცელარიაში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“  წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა რუტინაა და  ეს შეხვედრები გაგრძელდება.

ცინცაძის განცხადებით, შეხვედრის ძირითადი მიზანი ცხადია, შეთანხმებები იქნება იმაზე, რომ მთავრობის დაკომპლექტების პროცესში, რაღაც გაუგებრობები არ მოხდეს.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ,  „ნაციონალური მოძრაობის“  სიის პირველი  ნომრის  დავით ბაქრაძის განცხადების შეფასებას,  რომ ,ახალ მთავრობას, ძალოვანი უწყებების ჩათვლით, მთლიანად „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს“, ცინცაძე აცხადებს, რომ თუ ქვეყნის პრეზიდენტი ამ უფლებას არ გამოიყენებს და ივანიშვილს კარტბლანშს მისცემს მაშინ, შეხვედრებზე წმინდა ტექნიკური საკითხები გადაწყდება.

„ამ შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკური საკითხებია გადასაწყვეტი,  როდის, რამდენ დღეში და როგორ მოიწვიონ პარლამენტის სხდომა.  არაფერი სენსაციური და  ინტრიგა ამაში არაა.   ერთადერთი იყო,  თუ პრეზიდენტი გაჯიუტდებოდა და იტყოდა, რომ ძალოვანი მინისტრები კონსტიტუციით მე მეკუთვნის და ჩემი უნდა იყოსო, მაგრამ რაკი ასე არ ხდება,  აქ არაფერია ისეთი“, - განაცხადა ცინცაძემ.

პოლიტოლოგის თქმით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეხვედრაში მონაწილე პირების განცხადებები იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ  ყველაფერი მშვიდობიანად განვითარდება, თუმცა აღნიშნავს, რომ საკითხავი ისაა, რამდენად გულწრფელია ეს განცხადებები.

„ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები თუ რამდენად გულწრფელია ამას  ფაქტები დაამტკიცებს. ჩვენ სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგებით,  ვერ ვიტყვით, ეს რამდენად  გულწრფელია. ყოველთვის შეიძლება მერე, რაღაც ხელოვნური საბაბის გამოძებნა. ანუ ეს წინასწარ,  ყავის ნალექზე მკითხაობაა“, - განაცხადა ცინცაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის კანცელარიაში მოქმედი ხელისუფლების „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის წარმოების ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. 
დღევანდელ შეხვედრას კოალიციის მხრიდან  ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი, ხელისუფლების მხრიდან - დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი ესწრებოდნენ. 
მომავალი შეხვედრა 8 ოქტომბერს გაიმართება.