საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების ყოფილი დირექტორის ნინა ხატისკაცის ინფორმაციით, კოალიცია ’’ქართული ოცნების’’ მესტიის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი კახა ჟორჟოლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ამ განცხადებას ნინა ხატისკაცი სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის საშუალებით ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, მისთვის ცნობილია, რომ ჟორჟოლიანი ამ წუთებში ხობში იმყოფება, დანარჩენი დეტალები კი მისთვის უცნობია.
კახა ჟორჟოლიანი 23 სექტემბერს მესტიაში სამართალდამცავებმა საოლქო კომისიის მუშაობაში ხელის შეშლაში დაადანაშაულეს. იმავე დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული კოდექსის 167-ე მუხლის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
კახა ჟორჟოლიანის დაპატიმრების შემდეგ, მესტიაში მისი გათავისუფლების მოთხოვნით ყოველდღიური საპროტესტო აქციები იმართებოდა, სამღვდელოების პირების ინიციატივით, ხელმოწერებიც კი შეგროვდა მისი გათავისუფლების მოთხოვნით.