"ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის მიერ ტერმინ „პოლიტპატიმრის“ განსაზღვრას ეხმაურება და From.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ დღეისთვის საქართველოს დაახლოებით 120 პოლიტპატიმარი ჰყავს. ამ რიცხვი შედის ბოლო თვეებში „ქართული ოცნების“ დაკავებული მხარდამჭერებიც.
„ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები როგორც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, ასევე არიან ადმინისტრაციულ პატიმრობა მისჯილები. მთავარია, რომ ევროკავშირის მიერ პრინციპები და ის სტანდარტებია მიღებული, ვინ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტპატიმრად. აქამდე ასეთი ერთიანი სტანდარტი არ არსებობდა.
ევროკავშირმა რამდენჯერმე შექმნა კომისია,რათა განესაზღვრა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აზერბაიჯანში, იყვნენ თუ არა პოლიტპატიმრები. დღეისთვის უკვე არსებობს ამის იურიდიული საფუძველი, რომ ყველა ქვეყანაში მოხდეს შესწავლა პოტენციური პოლიტიკური პატიმრების საქმეების.
სტრასბურგის სასამართლოსაც გააჩნია საშუალება განიხილოს ეს საქმეები. რა თქმა უნდა, ეს სწრაფად არ მოხდება, ამ საქმეების განხილვასა და გადასინჯვას, ბუნებრივია დრო სჭირდება. ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, იმედი მაქვს ახალი მთავრობა გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და არ დასჭირდებათ ამ საქმეებს რთული პროცედურების გავლა. ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შეეძლებათ პოლიტპატიმრების გათავისუფლება“,-აცხადებს ნანუაშვილი.
რაც შეეხება იმას, რამდენი პრეცნდენტი არსებობდა საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ნანუაშვილი აცხადებს, რომ ასეთი პრეცედენტები არსებობდა, თუმცა ისინი მათი ნება პოლიტიკური არ ყოფილა.
„2009 წელს, როდესაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ხელისუფლებამ 30-მდე ადამიანი ფაქტიურად აღიარა პოლიტპატიმრებად და გაათავისუფლა. მოხდა მაგალითად, სულხან მოლაშვილის, ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლება, თუმცა ეს ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე არ მომხდარა, ისინი იძულებულნი გახდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისა და სხვადასხვა მოთხოვნებისთვის ანგარიში გაეწიათ. ძალიან ბევრმა პატიმარმა, სამწუხაროდ, სასჯელი უკვე მოიხადა“,-აცხადებს ნანუაშვილი.