თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია „მზის“ 40%-იც იყიდა. ამის შესახებ www.media.ge იუწყება.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კეზერაშვილს ეკუთვნის შპს „ჯორჯიან მედია კომპანი“, რომელსაც „მზის“ აქტივების მფლობელმა ლევან ყარამანიშვილმა 4 ოქტომბერს „მზის“ 40% 250 ათას აშშ დოლარად მიყიდა.
აღნიშნული კომპანია საჯარო რეესტრში 3 ოქტომბერს დარეგისტრირდა.
www.media.ge-ის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი ასევე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40%-ის მფლობელი გახდა. მის კომპანიას - შპს „მედია ჯორჯიას“ ყარამანიშვილმა კუთვნილი 90%-დან 40% 500 ათას აშშ დოლარად მიყიდა.
ორივე კომპანიის - „მედია ჯორჯიასა“ და „ჯორჯიან მედია კომპანიის“ დირექტორი გიორგი ფრუიძეა.
ყარამანიშვილმა „რუსთავი 2“-ისა და მზის 90% 2011 წლის დეკემბრის ბოლოს შეიძინა, დანარჩენი 10%ის მფლობელი ტელეკომპანიების დირექტორი გოგი გეგეშიძეა.