საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ღია წერილი „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტს დოქტორ ვილფრედ მარტენსს

საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ღია წერილი „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტს დოქტორ ვილფრედ მარტენსს

დოქტორო მარტენს,

ვადასტურებთ რა ღრმა პატივისცემას თქვენი პიროვნებისა და იმ ღვაწლისადმი რაც თქვენ მიგიძღვით საერთაშორისო ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის განვითარებაში, ჩვენ, საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი (ქრისტიანულ-დემოკრატიული ინტერნაციონალის წევრი 1993 წლიდან)  თავს ვალდებულად ვთვლით  გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება თქვენს მიერ სახალხო პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://www.ipp.eu)  ამა წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაზე, რომელმაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ცალმხრივი და არაობიექტური აღწერის გამო ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის  აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია.

დოქტორო მარტენს, თუ თქვენ მართლაც ყურადღებით გაეცანით საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, მაშინ ვფიქრობთ მოსაწონი უნდა იყოს არა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქციელი, რომელმაც თქვენი შეფასებით პატივი სცა ხალხის არჩევანს, არამედ ქართველი ხალხის თვისუფალი ნება, რომელიც მან გამოხატა დემოკრატიული არჩევნების გზით და უარი უთხრა სააკაშვილის მოძალადე ხელისუფლებას.

ის რომ „მომავალი ხუთი წლის განმავლობაში,  დემოკრატიული დებატები გაიმართება არა ქუჩაში, არამედ პარლამენტში“ სწორედ რომ ქართველი ხალხის ნებაა და არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში,  ფსევდო-ოპოზიციური პარტიების ხელშეწყობითა და დახმარებით ძალადობრივი მეთოდებით ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ამგვარი დებატები სწორედ ქუჩებში გადაეტანა.

როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობისთვის დღესავით ნათელია რომ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, არათუ „გააძლიერა დემოკრატია“, არამედ ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ  ღირებულებებსა  და ფეხქვეშ გათელა კანონის უზენაესობა.

ჩვენ, ქართველი ქრისტიან-დემოკრატები, ვეთანხმებით ეუთო-ს დასკვნას, რომ „ქართველმა ხალხმა თავისუფლად გამოხატა თავისი ნება და არ დაფიქსირებულა სერიოზული დარღვევები არჩევნების დღეს“, მაგრამ ნება გვიბოძეთ პრინციპულად არ დავეთანხმოთ თქვენს მოსაზრებას იმის თაობაზე რომ, თითქოსდა ეს მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წყალობით მოხდა.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს  გამარჯვება ქართველი ხალხის სიბრძნისა და დემოკრატიული იდელებისადმი მისი საუკუნოვანი ერთგულების ლოგიკური შედეგია.

დოქტორო მარტენს, მისასალმებელია თქვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ევრო-სტრუქტურებმა  მონიტორინგი გაუწიონ ნებისმიერ მთავრობას, რაც ხელს შეუწყობს ხალხის დემოკრატიისკენ სწრაფვასა და მათ სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

ბუნებრივია, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიულად გამოხატული ნება აღიქმება, როგორც მოწოდება პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომისკენ.

დოქტორო მარტენს, დიდი სურვილი გვაქვს, თქვენი - გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსის ეს  განცხადება აღვიქვათ, როგორც  მილოცვა ქართველ ხალხისადმი და მჭიდროდ თანამშრომლობის მზადყოფნა, რათა მას შესაძლებლობა მიეცეს დაიცვას დემოკრატიული მონაპოვარი.

საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი

 

04.10.2012