ირაკლი ალასანია: დღეიდან საარჩევნო კომისიებში ნებისმიერი უკანონობა და დავა სამართლებრივ სივრცეში გადაწყდება

ირაკლი ალასანია: დღეიდან საარჩევნო კომისიებში ნებისმიერი უკანონობა და დავა სამართლებრივ სივრცეში გადაწყდება

კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ დღეს ზუგდიდში შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისა გვერდში დგომისთვის, რომელიც მათ „ისტორიური გამარჯვებისა და უსამართლობის დამარცხებისთვის“ გამოიჩინეს.

მისი თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო მათთვის მიცემული დაპირების შესრულება - ხელისუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური და არჩევნების გზით ცვლილება. ალასანიას თქმითვე, ივანიშვილმა მათ ასევე პირობა მისცა, რომ გაპრემიერების შემდეგ დაიწყებდა ეკონომიკის აღმავლობას, უსამართლობის დამარცხებას და გამარჯვებისკენ სვლას და აღნიშნა, რომ ამასაც შეასრულებს.

„ქვეყანას კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას, ტირანისგან გათავისუფლებას. გპირდებით ზუგდიდშიც ჩვენი ცხოვრებიდან მალე წავა ფეოდალური კლანური მმართველობა, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში იყო, დასრულდება ძალადობა. დასრულდა დრო, როცა ხალხს არჩევანის უფლებას ართმევდნენ და არჩევნების გაყალბების გზით იგებდნენ. არც ერთი ხმა, რომელიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ არ დაიკარგება. მთელი სამეგრელოც იზეიმებს ამ დიდ გამარჯვებას“, - განაცხადა ალასანიამ.

ალასანია შეეხო პოლიტპატიმრების თემასაც. მისი განმარტებით, დღემდე ციხეებში არა ერთი პირი პოლიტიკური სტატუსით იხდის სასჯელს და ელოდებიან გათავისუფლებას. ალასანიას თქმით, კოალიციის ლიდერი მათ დაჰპირდა, რომ დასრულდებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნა და ამას შეასრულებს - „სამართალდამცავი სტრუქტურები დაუბრუნდებიან სიმართლეს და დაიცავენ კანონს“.

ალასანიამ მადლობა გადაუხადა ასევე ზუგდიდის პოლიციასა და სპეცრაზმელებს, რადგან ისინი ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ, მათ გამარჯვება მიულოცა და დაჰპირდა, რომ პოლიტიკური პარტიები ვერასოდეს ვერ გამოიყენებენ მათი ინტერესების დასაცავად.

ალასანიამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს ელჩსაც, რომ აღიარა კოალიციისა და ქართველი ხალხის გამარჯვება.

„მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, მეზობელმა ქვეყნებმა და პარტნიორებმა მიულოცეს ბიძინა ივანიშვილს დიდი გამარჯვება, ქართველ ხალხს კი გათავისუფლება. გაცხადდა, რომ ბიძინა ივანიშვილი გახდება პრემიერ მინისტრი.

 რაც შემეხება მე, ამაყი ვარ, რომ დავუბრუნდი ჩემს ფესვებს - ზუგდიდს. მეამაყება, რომ ჩემი წინაპრების გზას დავუბრუბდი და ვემსახურები ზუგდიდელებს. სამეგრელო არის ამაყი და გამბედავი ხალხის კუთხე. ჩვენ ერთად ძალიან მალე დავიწყებთ იმ პროგრამებისა და დაპირებების შესრულებას, რომელსაც წინასაარჩევნოდ გაძლევდით. მალე ზუგდიდი გადაიქცევა ყველაზე მიმზიდველ რეგიონად და ის გახდება ხიდი ქართველ და აფხაზ ხალხს შორის, ჩვენ დავამყარებთ ახლო და მშვიდობიან ურთიერთობას მეზობელ ქვეყნებთან“, -  აღნიშნა ალასანიამ.

ირაკლი ალასანია ზუგდიდელ მოსახლეობას ასევე დაპირდა, რომ გააგრძელებს იმ ეროვნული სახელმწიფოს შენებას, რომელიც ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ დაიწყო 20 წლის წინ. თუმცა ალასანიას განცხადებით ამას მშვიდობიანად, ემოციების მართვითა და სამართლიანი გზით მოახერხებს.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება სამართლებრივ და კანონიერ გზას გადავუხვიოთ. დღეს ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნებისმიერი უკანონობა და დავა, რომელიც საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს,  უნდა გადაწყდეს სამართლებრივ სივრცეში. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას, რომლის მთავარი ძალა არის ქართველი ხალხი და საზოგადოება, ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ჩვენს ხმებს დავიცავთ წყნარად, მშვიდად და ორგანიზებულად სასამართლოებში. ქვეყანაში აღდგება სამართლიანობა და იზეიმებს თავისუფლება“, - დასძინა ალასანიამ.