სამეგრელოს რეგიონში პოლიტიკურმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მხოლოდ ფოთში მოიპოვა.
ფოთში კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ქრისტინულ დემოკრატიული კავშირის პოლიტიკური ბიუროს წევრის, ზვიად გელაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ამ რეგიონში ახალაიების კლანი ძლიერად იყო წარმოდგენილი და ამომრჩეველზე წეზოლის ფაქტები ხშირი იყო, ფოთში ამომრჩევლის მონდომებითა და აქტიურობით ყველა ეს წინაღმდეგობა დაძლეული იქნა და აქ „ქართულმა ოცნებამ“, ზოგადად, ქართულმა იდეამ გამარჯვება იზეიმა.
„ფოთში დაახლოებით, ორთვე ნახევრის წინ ჩავედი. ჩასვლის პირველივე დღიდან, ჩვენზე, ჩვენს აქტივისტებზე მუდმივი თვალთვალი, მოყურადება, სხვადასხვა საზის ზეწოლები, სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფები, დაშინებებები და მუქარები ხორციელდებოდა. ამას ბოლოს ისიც დაერთო, რომ ჩვენს ორ აქტივისტს პროვოცირება გაუკეთეს და მათ 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ასევე არჩევნების წინა ღამით, ჩვენი შტაბის წევრებზე პოლიციიდან მხრიდან ზარები განხორციელდა, რომ თითქოს მათზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და ისინი ქალაქიდან არ უნდა გასულიყვნენ.
ყველაფერი ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ფოთის ამომრჩეველი შიშის და ტერორის ქვეშ ყოფილიყო“, - განაცხადა გელაშვილმა და დასძინა, რომ საბოლოო ჯამში, დიდი მონდომებითა და ძალების სრული მობილიზაციით ფოთში ქართულმა იდეამ გამარჯვება იზეიმა.
მისი თქმით, რთულია იმაზე საუბარი, თუ რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ფოთში კოალიციის გამარჯვებაში და აღნიშნავს, რომ გამარჯვების ან წაგების შემთხვევაში, გადამწყვეტ როლს სხვადასხვა ფაქტორები თამაშობს.
„ფოთი სპეციფიური ქალაქია. ფოთის ამომრჩეველი პრინციპში, უფრო მეტადაა ინფორმირებული და უფრო მეტად თავისუფალი და ოპოზიციურად მოაზროვნე ელექტორატია. ჩვენ ასევე ძალიან ძლიერი კანდიდატი გვყავდა ქალბატონი ეკა ბესელიას სახით, რომლის აქტიურობამ და ენერგიულობამ დიდი როლი შეასრულა, რომ ფოთის მოსახლეობამ შიში, უნდობლობა და ეს აპათიაც დამარცხებულიყო. ფოთის ამომრჩეველმა აჩვენა, რომ ქართული საზოგადოების ღირსეული ნაწილნი არიან“, - განაცხადა გელაშვილმა.
მან თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა შტაბის წევრებს და მხარდამჭერებს, რომლებმაც კოალიციის წარმატებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
„დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარი კანდიდატი ფოთის და საერთოდ, საქართველოს მოსახლეობას იმედს არ გაუცრუებს“, - აღნიშნა გელაშვილმა.